მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“უცხოვრებელი ცხოვრების სევდა“ - როგორ იქმნებოდა Wizer?

wizer

„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“ - ასეთია რებრენდირებული სადაზღვევო კომპანია „PSP დაზღვევის“ მთავარი მესიჯი მომხმარებლისთვის, რომელიც 15 სექტემბრიდან სადაზღვევო ბაზარზე ახალი სახელით, კონცეფციით, ხედვით აგრძელებს ოპერირებას. Wizer-ი ახალი სარეკლამო კამპანიით თავის დაზღვეულებს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს.

სადაზღვევო კომპანიის ახალი კონცეფციის ფორმირებაზე კი „PSP დაზღვევის“ გუნდთან ერთად კრეატიულმა სააგენტომ Playmakers-მა იმუშავა. მიზანი ერთი ჰქონდათ - „შეეჯანჯღარებინათ დაზღვევის ბაზარი“ და 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია მომხმარებლის წინაშე განახლებული ხედვებით წარმდგარიყო. კრეატიულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამოცანა ისეთი მესიჯების შექმნა იყო, რომლითაც ბრენდი მომავალი წლების განმავლობაში „იცხოვრებს“ და გაამართლებს. უფრო მეტი Wizer-ის „უცხოვრებელი ცხოვრების სევდის“ კონცეფციაზე კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მმართველმა პარტნიორებმა კოკა ქამუშაძემ და ნუკა შევარდნაძემ BMG tv-ის ახალ ტელეპროექტ „ედWizer”-ში წამყვანებთან გიორგი ისაკაძესთან და Wizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძესთან ერთად ისაუბრეს.

დღეს, როდესაც „PSP დაზღვევა“ რებრენდირებული სახელით - Wizer ბაზარზე აქტიურ კომუნიკაციას იწყებს, სადაზღვევო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განახლების გზას რთულს, თუმცა შედეგიანს უწოდებს:

„ვაიზერამდე“ მარტივად არ მივსულვართ, რთული გზა გამოვიარეთ. ეკალ-ბარდებიც იყო გზაზე, მაგრამ ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ ცვლილებების საჭიროება და დრო სწორად შეგვერჩია. ჩვენ გვეყო გამბედაობა, რომ გვეპოვა ის ხალხი, ის პარტნიორები, რომლებმაც ზურგი გაგვიმაგრეს და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩვენ გვეყო გამბედაობა, ბოლომდე დავეყრდნოთ კოკას, ნუკას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მე ვფიქრობ, რომ წარმატების ძალიან დიდი საფუძველი დადო“.

Playmakers-ის მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე კი აღნიშნავს, რომ რებრენდირების პროცესი სრულად იმ ცოდნას, გამოცდილებას და ღირებულებებს ეფუძნებოდა, რაც გუნდის შიგნით იყო. პარტნიორის პოზიციას იზიარებს ნუკა შევარდნაძეც და ამბობს, რომ დღეს უკვე Wizer-ის გუნდის მხრიდან გრძნოდნენ მუხტს, რამაც კრეატორები თამამ გადაწყვეტებამდე მიიყვანა, შედეგად კი „ჩვენვის Wizer- დღეს არის დაზღვევა გამბედავი ადამიანებისგან, გამბედავი ადამიანებისთვის“.

Wizer-ის სამუშაო კონცეფცია - „უცხოვრებელი ცხოვრების სევდა“

„რებრენდინგის კონცეფციაზე ფიქრისას სამუშაოს სახელად „უცხოვრებელი ცხოვრების სევდა“ დავარქვით, რომელიც ზედმეტ დაზღვევას მოჰყვება ხოლმე და ეს ყველაფერი გადავიტანეთ ნივთებზე. მთავარი, რაც ბრენდის განახლებისას ყოველთვის დგას არის კითხვა - რამდენად შეძლებს ბრენდი გაჰყვეს იმ დაპირებას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, რასაც მომხმარებელს უკეთებს. კომუნიკაცია და ბრენდის პირველი გამოჩენა დაპირების გაჟღერებაა, შემდეგ ეს დაპირება ბრენდმა უნდა იცხოვროს. სააგენტოს მხრიდან ამ დაპირებას ბრენდს არ ვათქმევინებდით, რომ გუნდში იმის პოტენციალი რომ არ დაგვენახა, რომ ამას პროდუქტის, გამოცდილების დონეზე შეძლებს.

მოლოდინი გვაქვს, რომ ის, რასაც ბრენდი მომხმარებელს ჰპირდება და ის, რა სეგმენტიც შეარჩია ბრენდმა აუდიტორიად, მისთვის რაღაც განსხვავებულს შექმნის, რაც მომხმარებელს გააოცებს, დააინტერესებს, ამ ბრენდის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს გაუჩენს და ამ დაპირებას იცხოვრებს. ეს გამოხატულია მესიჯში, რომ ჩვენ კი ყველაფერს ვაზღვევთ, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ, რაც იმაში ითარგმნება, რომ „შენ შეგიძლია გქონდეს გამბედაობა, მე შენი თანამგზავრი ვარ, ვიქნები შენი ცხოვრების მთავარი გმირი და თუ ამაზე უარს არ იტყვი, გამოგყვები თანამგზავრად ამ მოგზაურობაში“ - განმარტავს ბრენდის კონცეფციის იდეას და მიდგომებს Playmakers-ის მმართველი პარტნიორი ნუკა შევარდნაძე.

Wizer-ის მთავარი მესიჯი - „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“ , "არ თქვა ცხოვრებაზე უარი ზედმეტი დაზღვევით"

„კრეატიულ ინდუსტრიაში არც ერთი სიტყვა შემთხვევითი არ არის. მაგალითად, ამ ფრაზაში „ყველაფერს ნუ დააზღვევ“ – „ყველაფერი“ არის მნიშვნელოვანი. ეს არ გეუბნება იმას, რომ თავზე ხელაღებული იყო და ყველანაირი წინასწარი გათვლების გარეშე ქარცეცხლში შევარდე, ეს გეუბნება, რომ ზედმეტად ნუ გადააზღვევ ყველაფერს - ზედმეტს ნუ იზამ ისე, რომ რაღაცებმა შენს თვალს მიღმა ჩაიაროს, იმიტომ რომ შენ თქვი, რომ მაგალითად ვერ წახვალ სასრიალოდ, რადგან შეიძლება ზვავი ჩამოწვეს... ყველაზე ცუდი ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიები მოგვიწოდებენ, რომ ასე ვიცხოვროთ, რომ ისე გადავაზღვიო ჩემი რისკები, რომ აქეთ შარი არ მომდონ, რომ თურმე არასწორი ფეხსაცმელი მეცვა, როდესაც დავრბოდი...“, - ასე ხსნის Wizer-ის მთავარ გზავნილს მომხმარებლისთვის კრეატიული სააგენტოს მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე.

ნუკა შევარდნაძე კი ბრენდის მთავარ სათქმელს შემდეგნაირად განმარტავს: „სლოგანი ორ კომპონენტიანია. ერთი გვეუბნება, რომ ვაიზერი ყველაფერს გიზღვევთ რაც საჭიროა, მეორე კი გულისხმობს იმას, რომ მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო, ანუ ისეთი რამ არ უნდა დააზღვიო, რაც შენს ცხოვრებაზე უარს გათქმევინებს.

ბრენდი ამ დაპირებითა და საფუძველით გვინდოდა ბაზარი შეგვეჯანჯღარებინა, რადგან ცოტა ერთნაირ მდგომარეობაში არიან და როცა ბაზარზე შემოდიხარ, რაღაც ახლის გაკეთება და წარმოჩენა გინდა ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედო, რაც მხოლოდ სიტყვით არ უნდა იყოს და საქმეც უნდა მიჰყვეს“.

Wizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფიო ლებანიძე კი აცხადებს: „15 წელი ის საფუძველია, რაზედაც ჩვენ ყველაფერს შევაჯანჯღარებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები