მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწყებების 71%-ს 2023 წელს მიღებულ გრანტებზე სრულყოფილი ინფორმაცია გამოქვეყნებული არ აქვს - IDFI "ოცნებას" კვლევითვე პასუხობს

მთავრობა

უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, 65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები, - ამის შესახებ IDFI-მ კვლევა გამოაქვეყნა.

საქმე ის არის, რომ 15 ივლისს, საქართველოს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას გააცნო კვლევის „არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევა“ შედეგები, რომელიც აფასებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადებაზე ხელმომწერი 474 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის გამჭვირვალობას შვიდი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით (1. ვებ-გვერდი 2. დონორის დასახელება/ლოგო 3. პროექტის დასახელება 4. გრანტის ოდენობა 5. პროექტის/გრანტის ვადა 6. წლიური ანგარიში 7. ორგანიზაციის გუნდი).

IDFI-ს შეფასებით, ამ კვლევის რეალურ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის საჭიროებაზე პროპაგანდის გაძლიერება და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პროაქტიული გამჭვირვალობის შეფასება.

„გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების მთავარ საზომ ინდიკატორს ჩვენი აზრით წარმოადგენს თავად სახელმწიფო უწყებებში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან საქართველოს საჯარო დაწესებულებებს გაუჩნდათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა იმ მინიმალური საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე. კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ნუსხა, აწესებს მინიმალურ მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და არის სავალდებულო.

თუმცა, წლების განმავლობაში IDFI-ს კვლევები ადასტურებდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა არ უზრუნველყოფდა მთავრობის დადგენილებით დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი. მეტიც, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს ვიდრე ბოლო წლებში. მაგალითად, 2014 წლის მონიტორინგის შედეგებით, საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 71%-ს, ხოლო 2019-2023 წლებში ეს მაჩვენებელი 50-60% მერყეობდა. 2022 წლიდან ასევე, მკვეთრად გაუარესდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი. კერძოდ, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნების 42%, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი იყო.

პარტია ქართული ოცნების მიერ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, IDFI დაინტერესდა, სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კანონის შესაბამისად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გამჭვირვალობით. მონიტორინგი ჩაუტარდა 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულების (პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები) ვებგვერდს და შეფასდა 7 გამოსაქვეყნებლად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის კატეგორია (2024 წლის პირველი კვარტალის (კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში) და 2023 წლის (წლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შემთხვევაში).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ არც ერთ სახელმწიფო უწყებას 7-ვე კატეგორიის მიხედვით სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია არ აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, უწყებების 71%-ს გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, 65%-ს სრულყოფილად გამოქვეყნებული არ ჰქონდა 2024 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსების და 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2014 წლიდან ფაქტობრივად არ ასრულებს მთავრობის დადგენილებითვე განსაზღვრულ ვალდებულებებს და არ აქვეყნებს ფინანსურ ინფორმაციას. ასევე, აღსანიშნავია კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემთხვევა, რომლის ბიუჯეტი 470 მილიონ ლარს შეადგენს და 3 წელზე მეტია არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი“, - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

ორგანიზაციების 97%-ს არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში - "ქართული ოცნების" კვლევა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები