მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უწყლობა, უშუქობა და ჩახერგილი გზები - ხევსურეთის ტურისტული სეზონი ჩავარდნის ზღვარზე

609173536676e
ანუკა ჯოხაძე
05.05.21 00:00
2915
ხევსურეთის 12 სოფლამდე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუძლებელია - ამის შესახებ bm.ge-ის შატილში მაცხოვრებლებმა განუცხადეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხევსურეთის მასშტაბით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ გზების გაწმენდა გართულდა, რის გამოც მათ ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ. მათი განმარტებით, ისეთი სოფლების მაცხოვრებლები როგორებიცაა ლებაისკარი, კისტანი, გიორგიწმინდა, შატილი, წუქიო, მუცო, ხონისჭალა, ხონე, არდოტი, ანდაქი, არჭილო და ხახაბო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზებზე არსებული პრობლემების გამო ვერ გადაადგილდებიან.

“მთის რაღაც ნაწილი მოჭრეს, იმისთვის, რომ გზა გაეფართოვებინათ. იმ ადგილებში კი, სადაც მოჭრილია მთა, მიწა ჩამოდის. გზის გაფართოებამ გამოიწვია ეროზიული პროცესები. გაზაფხულზე კი წვიმის შედეგად მიწის ქანობი გზაზე ჩამოდის და გზები იხერგება. გზის გაწმენდაც უჭირთ. ახლაც შატილამდე დაახლოებით 35 კმ-ში, ერთ-ერთ სოფელთან მთის ნაწილი არის გზაზე ჩამოსული. დროდადრო ასე ხდება, იწმინდება, მაგრამ მიწის ქანობი მაინც ჩამოდის. მთავარი პრობლემა ხარისხია, უხარისხოდ კეთდება სამუშაოები ადგილზე. წელს რაც გაკეთდა, იმის 30% თავიდან არის გასაკეთებელი. ის კომპანია, კი რომელმაც ამ ტენდერში გაიმარჯვა და გზები გააკეთა ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს და ამბობს, რომ პროექტი ჩააბარა უკვე", - აცხადებს გიორგი ჭინჭარაული შატილი მკვიდრი.

შესაბამისი პასუხების მოკითხვის მიზნით BM.GE დაუკავშირდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც ადგილობრივების კრიტიკას არ ეთახმებიან და ამბობენ, რომ გზების გაფართოებამ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდებოდა, გადადგილება პირიქით გააიოლა კიდეც, მათ შორის იმ მონაკევთზეც, რომელზეც შატილის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბრობენ.

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის საფარი მოშანდაკდა და დაიტკეპნა ადგილობრივი გრუნტით, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და დამცავი ზღუდარები, რამაც, პირიქით - გაადვილა გადაადგილება. შატილამდე მისასვლელ გზაზე, ამ ეტაპზე, გადაადგილება აკრძალულია, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია 75-ე კმ-მდე, დათვიჯვრის უღელტეხილამდე, დარჩენილ მონაკვეთებზე კი თოვლი და ჩამონაშალია. გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის გადაადგილება.”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყებაში ამბობენ, რომ შატილის გზის 54 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთ ლოტად მიმდინარეობდა. ხუთი ლოტიდან სამუშაოები დასრულებული და ექსპლუატაციაში მხოლოდ მეორე ლოტზე შევიდა. დანარჩენ მონაკვეთებზე კი პროცესები სრულდება. მათი განმარტებით, რაიმე სახის ხარვეზის არსებობის შემთხვევაში კონტრაქტორს შესაბამისი გაფრთხილება მიეცემა და მის მიერვე გამოსწორდება.

ადგილობრივები ტურისტული სეზონისთვის ვერ ემზადებიან, რომელიც ხევსურეთში მაისის მიწურულს იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. მათი განმარტებით, ტურიზმი მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი ლევან ჭინჭარაული ამბობს, უკვე დგას საშიშროება, რომ ერთადერთი შემოსავალი, რასაც ხევსურეთის მცხოვრებლები ტურიზმიდან იღებენ, შეიძლება დაიკარგოს. მისი თქმით, წელს გასული წლებისგან განსხვავებით გაწმენდითი სამუშაოების დასრულება დაგვიანდა, შესაბამისად, ზაფხულის სეზონისთვის მზადება ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილობრივები საუბრობენ ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემაზეც.

“მოთხოვნა დამსვენებლების მხრიდან ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ტურისტი რომ მოდის მეტი კომფორტი სჭირდება. ჩვენი შემოსავლებიც ძირითადად ტურისტულ სეზონზეა დამოკიდებული. ზაფხულში ვმუშაობთ, ზამთარში კი სეზონზე მიღებული შემოსავლებით ვცხოვრობთ. დღეს ტურისტი ვერ მოვა, ძალიან გართულებულია გზებზე გადაადგილება. პრობლემაა წყალიც, რომელიც რეალურად ყველა მთიდან ჩამოდის. თუმცა მიუხედავად ამისა, იყო შემთხვევაც ტურისტები იყვნენ ჩამოსულები და წყალი გაფუჭდა. ესეც გასაკეთებელია", - აცხადებს ლევან ჭინჭარაული შატილში სასტუმროს მფლობელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები