მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია - ლევან დავითაშვილი

უზბეკეთი

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა დასრულდა და ტრადიციულად, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

"ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია ბოლო წლებში ვიზიტორთა ზრდის ტენდენციით.

„საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, წამყვანი სექტორი არის ტურიზმი და უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია ბოლო წლებში ვიზიტორთა ზრდის ტენდენციით და ძალზე მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ამ სფეროში ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისკენ“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომისიის ფარგლებში განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი და ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს და უზბეკეთს გააჩნიათ, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ვაჭრობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. კომისიის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი სავაჭრო ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შექმნასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების გაზრდის საკითხებზე.

„არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი, რათა გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლები მჭიდრო თანამშრომლობით. მაღალი დონის ვიზიტები ნათლად აყალიბებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენციებს. სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობები ნებისმიერი ქვეყნისთვის, უზრუნველყოს ევროპიდან წვდომა ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკურ სივრცეში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა თქვა, რომ ისაუბრეს საქართველოს მსხვილ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, აღნიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი.

„ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს წლებში შევძლებთ შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა ტრანსპორტის სექტორში. 2024 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების შედეგად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობაში. ზოგადად, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლი და აღიარება, რადგან მას აქვს კონკურენტული უპირატესობა რიგ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით“ - განაცხადა მან.

კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის იყო ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურისა და 5G ქსელების განვითარება, სიხშირის რესურსების და ტექნიკური პირობების ჰარმონიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები და სხვა საკითხები, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ინფორმაციული საზოგადოების განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები