"ქართული ოცნების" ეკონომიკური გუნდი ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეტ უორდს შეხვდა და მასთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან ერთად დამატებით ძალისხმევას მიმართავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით.
იმ ფონზე, რომ "ოცნება" ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ესაუბრება და გაერთიანებული სამეფოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას აანონსებს, გთავაზობთ მონაცემებს, ორი ქვეყნის კავშირების შესახებ.
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს გაერთიანებული სამეფოდან 32 372 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - 30 732 ვიზიტს აღემატება. შედარებით მეტი, 37 478 ვიზიტი კი პანდემიამდელ 2019 წელს დაფიქსირდა.
2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების მაჩვენებელი 6 506-ია, რაც მცირედით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 6 484 ვიზიტს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.
საგარეო ვაჭრობა
2025 წლის I კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 294.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც არა მარტო ანალოგიური პერიოდის, არამედ აქამდე მთლიანად წლის ჭრილში არსებულ მაჩვენებელსაც აჭარბებს. ეს ასევე რეკორდული - 292.2 მლნ დოლარის მოცულობის იმპორტის დამსახურებაა. თავის მხრივ, იმპორტში 252.7 მლნ დოლარი ნახატებზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი ნაწილი 153 მლნ დოლარი იმპორტზე მოდის. ექსპორტი კი 16.9 მლნ დოლარს შეადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა წლიურად 6.5%-ით გაიზარდა.
გასული წლის TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:
- ფეროშენადნობები - 4.2 მლნ დოლარი;
- სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან - 2.4 მლნ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1.8 მლნ დოლარი;
- კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 1.4 მლნ დოლარი;
- მანგანუმის ოქსიდები - 1.35 მლნ დოლარი.
TOP-5 საიმპორტო პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 26.5 მლნ დოლარი;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 21.9 მლნ დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 12.1 მლნ დოლარი;
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 10.1 მლნ დოლარი;
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლოატაციაში ნამყოფი - 6.7 მლნ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
გაერთიანებული სამეფო ლიდერია საქართველოში შემოსული ინვესტიციების სტატისტიკაში. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 448.2 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. გაერთიანებული სამეფოდან პირველი FDI 1997 წელს შემოვიდა, მაქსიმალური 650.7 მლნ დოლარი კი 2022 წელს დაფიქსირდა.
ფულადი გზავნილები
გაერთიანებულ სამეფოზე საქართველოს მთლიანი გზავნილების მცირე, 1.5%-ზე ნაკლები წილი მოდის.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს გაერთიანებული სამეფოდან 48.1 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წლიურად 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი 15.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა.




























