მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია"|რით ხსნის ენერგეტიკული ბირჟა დაბალ აქტივობას?

ენერგეტიკული ბირჯა

ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშის თანახმად, ელექტროსადგურების დერეგულირების პარალელურად იზრდება ბირჟაზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის რაოდენობა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია.

ანგარიშში, რომელიც აჯამებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობას 2026 წლის პირველ ნახევარში, ამის მიზეზად ის არის დასახელებული, რომ საათობრივი დაბალანსების და უბალანსობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა არ არსებობს.

"ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდვა კანონმდებლობით შეზღუდულია სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე სადგურებისთვის, ასევე შეზღუდულია იმპორტის შეთავაზება ბირჟაზე. ელექტროსადგურების დერეგულირების პარალელურად იზრდება ბირჟაზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის რაოდენობა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია საათობრივი დაბალანსების და უბალანსობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში", - წერია ანგარიშში.

2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41,196 მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის (94,904 მგვტ.სთ) ნახევარზე ნაკლებია.

"2025 წელს აქტიური ვაჭრობა აპრილში დაიწყო და ივნისის ბოლომდე შეუჩერებლად გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელსაც მარტის მეორე ნახევარში დაიწყო მიწოდების განაცხადების განთავსება, ვაჭრობა არ შემდგარა აპრილსა და ივნისის მეორე ნახევარში.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი ჰიდროელექტროსადგურების გაზრდილი წარმოების შესაძლებლობებით იყო გამორჩეული და ამავდროულად, ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საექსპორტო ბაზრებზე დაბალი ფასების გამო, გაზრდილი მიწოდება არ გადაითარგმნა ბირჟაზე ვაჭრობის გაზრდაში. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მათ შორის შეზღუდვა არსებული გაყიდვის ხელშეკრულების არსებობის პირობებში",- აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა და გარდამავალი მოდელით მუშაობს. ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს. ბირჟის წლიური ანგარიშის თანახმად, ეს მოცულობა 2024 წელს ნავაჭრს თითქმის 7.5-ჯერ აღემატება. ამასთან, მყიდველებმა 2025 წელს თითქმის 2,265,000 ლარი დაზოგეს, რაც 2024 წლის მონაცემს, 400,000 ლარს, 5.5-ჯერ აღემატება.

ნავაჭრი ელ.ენერგია განახევრდა, მონაწილეებმა ₾1 მილიონზე მეტი დაზოგეს|ენერგეტიკული ბირჟის შედეგები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები