მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკე-საბურთალოზე განთავსებული საუნივერისტეტო შენობების მიმართ, კომერციული ინტერესი აშკარაა - დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე

განათლების რეფორმა და ახალი საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა ვაკე- საბურთალოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესზე მიანიშნებს.

ამის შესახებ BMG-სთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე საუბრობს. მისი თქმით, პოლიტიკურთან ერთად, აშკარაა საუნივერისტეტო შენობების მიმართ კომერციული ინტერესიც.

„ეს საუნივერსიტეტო კორპუსები, მთლიანად ყველაზე, ასე ვთქვათ, ძვირად ღირებულ ადგილებზეა თბილისში განლაგებული. სხვათა შორის, პირველები არ არიან - 1918 წელს ზუსტად იგივე სიტუაცია იყო და ვაჭრები ეჩიჩინებოდნენ მაშინ უნივერსიტეტს, რომ პოლიტექნიკური სასწავლებელი, ნავთლუღის ჭალებში, მტკვრის გაყოლებაზე აშენებულიყო. საშინლად ბრაზობდა მაშინ ქართული ინტელექტუალური ელიტა. მაშინ ივანე გაბაშვილმა დაწყევლა ისინი და თქვა, რომ ქართული საზოგადოება, მომავალი სტუდენტები წყევლით მოიხსენიებს მათ სახელს, ვინც ასეთ ტრიალ ადგილას გამართავს სასწავლებელსო.

მაშინ ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ გაიმარჯვა, ჯავახიშვილის და შანიძის და თაობის ხელმძღვანელობით. ახლა, ძალიან რთულია, ამ ფინანსურ დაინტერესებასთან გამკლავება. რაღაც ბიზნეს-ინტერესებში მე ნამდვილად ვერ ვერკვევი, მაგრამ, ის ძალიან კარგად ვიცი, რომ ივანე ჯავახიშვილის კონცეფციის მოშლის, გაყიდვის და „დეფორმირების“ უფლება არავის არ აქვს.

უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, დაკვეთა უნდა მისცეს სახელმწიფომ, მაგრამ, არც ერთი კანონით, არც მათ შორის, ჩვენთან მოქმედი კანონით, კონსტიტუციითაც, არავის აქვს უფლება უნივერისტეტს აუკრძალოს პროგრამების განხორციელება. ეს დაანონსებული „დეფორმა“ კი, სწორედ ამას ემსახურება.

სხვათა შორის, 30-იან წლებშიც კი არ მომხდარა ეს ასე, როცა მართლა დაშალეს ყველაფერი. ამისი განხორციელება და არსებული სამეცნიერო ჯგუფების დაშლა წარმოუდგენელია“ - ამბობს ნინო დობირჯგინიძე.

მისივე თქმით, დაანონსებული განათლების რეფორმა უამრავ პრობლემას შექმნის, რადგან, პროცესი მანიპულაციურია.

„მარტივ რაღაცას გეტყვით - ხუთშაბათს იყო რექტორთა შეკრება, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა, 64-ვე უნივერსიტეტის რექტორი და იქ ბატონმა მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ პროფილების განაწილება უნივერსიტეტებს შორის აუცილებლად მოხდება უნივერსიტეტებთან კომუნიკაციით და დღეს უკვე, ორშაბათს, ედუ.არის.ჯი-ს ინტერვიუთი ვიგებთ, რომ თურმე სამართლის პროგრამები უკვე გადაუნაწილებიათ.

ძალიან დრამატული იქნება ის შედეგები, რაც შეიძლება აქედან მივიღოთ. არავინ უარყოფს, რომ განათლების სისტემას, ზოგადად, სასკოლო განათლება იქნება თუ საუნივერსიტეტო, რეფორმირება სჭირდება. მაგრამ, დაანონსებული გეგმის მიხედვით, რაში გამოიხატება ეს რეფორმა? ვაკე-საბურთალოს მასივის ყველაზე ძვირად ღირებული შენობების გაყიდვაში და რაღაცა გაურკვეველი სამოთხის აშენებაში რუსთავში? ეს არის სწორედ ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოების შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ ეს ვაკე-საბურთალოზე თავის დროზე უნივერსიტეტების წრე რომ ყოფილიყო, ეს მაშინდელ გამგებლებს და იმათ, პარტკომებს კი არ გადაუწყვეტიათ, ეს იყო თავის დროზე ილია ჭავჭავაძის და ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, ფილიპე გოგიჩაიშვილის და სხვა იმ დამაარსებელთა თაობის კონცეფცია და შეცდომაა თქმა იმისა, რომ თურმე ეს არის შენობები, რომელსაც არც ისტორიული, არც იდენტობის, არც კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს.

ეს არის ქართული საუნივერსიტეტო ტრადიციის მიერ მონიშნული რუკა. 1917 წელს დასრულდა ეს მონიშვნა, როცა გენერალმა გაბაშვილმა 500 ჰექტარი ფართობი გადასცა უნივერისტეტს საბურთალოზე, აი, სადაც დღეს სამედიცინო უნივერსიტეტი და საავადმყოფოა და სადაც საუნივერსიტეტო ვაკის კორპუსები დგას. ამ კონცეფციის შეცვლა, უფრო სწორად, ამ კონცეფციის გაყიდვა, ამ საუნივერსიტეტო სუბკულტურის მოშლა ასე არ შეიძლება“ - განმარტავს ნინო დობორჯგინიძე.

„ქართული ოცნების“ განათლების რეფორმის კონცეფციის მიხედვით, მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერისტეტები და სტუდენტები სასწავლო პროცესს განახლებული სისტემით შეხვდებიან. რეფორმის კონცეფციით, უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი იმოქმედებს. კონცეფცია ჯამში 7 მიმართულებას მოიცავს და მთავრობის შეფასებით, განათლების დარგში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში აღმოფხვრის. რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით იქნება განხილული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები