მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალდებული ვარ, ერთგული ვიყო კონსტიტუციის - ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი

ნანა შავაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი ნანა შავიძე facebook-ის პირად გვერდზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „როგორც საჯარო მოხელე, ვალდებული ვარ, ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ერთგული ვიყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის“, - წერს ის.

ნანა შავაძის საჯარო პოზიციას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ღრმა ბავშვობიდანვე, მაშინ როცა ბევრი რამ არ გამეგებოდა და ბევრი რამ არ ვიცოდი, მამა ხშირად მიმეორებდა - გახსოვდეს, რუსული ენა შეიძლება დაგჭირდეს და ისწავლო, თუმცა არაფერ რუსულს და არც მაგ ქვეყანას არ უნდა ენდო. იცოდე, რომ მოვა დრო და მიხვდები, რომ რუსეთი არა სანდოა, რუსეთი მტერია. ამ აზრებით ვიზრდებოდი, თუმცა მართალი გითხრათ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა მაშინ მამა, თან როგორც იცით იმ საბჭოთა საქართველოში დავიბადე რომელშიც რუსეთი გაიდეალებული იყო და მამაც საჯარო მოხელე, თანამდებობის პირს წარმოადგენდა.

ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპაციის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა. შესაბამისად, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირდაპირი საქმიანობა ასე თუ ისე ევროინტეგრაციასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ძალიან გამიმართლა ისეთ სამსახურში მოღვაწეობა, სადაც მხარდამხარ ვმუშაობ და ვურთიერთობ იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიზნით, რაც იმედი მაქვს და მჯერა გაგრძელდება სანამ არ გავხდებით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

შესაბამისად, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს, როგორც საჯარო მოხელე ვალდებული ვარ, ერთგული ვიყო საქართველოს კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ერთგული ვიყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის.

გვახსოვდეს, სხვა ალტერნატივა ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს“, - წერს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი სოციალურ ქსელში.

ნანა შავაძე არაა ეკონომიკის სამინისტროს ერთადერთი თანამშრომელი, ვინც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება, მაგრამ სხვები ჯერჯერობით, ღიად არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, ამიტომ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ.

"არავის აქვს უფლება, კონსტიტუციაზე მაღლა დააყენოს თავი" - გიორგი ჩიტაძე, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი

ინფორმაციისთვის: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროების და სხვა საჯარო სტრუქტურების ასობით თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები