პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება მნიშვნელოვანია და ამ ცერემონიას ესწრებიან ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერ-მინისტრებიც.
საქმე ის არის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანს ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. პრემიერი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.
როგორც პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირანი სამეზობლო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყანას სამძიმარიც გამოეხატა.
„ჩვენი სამეზობლოა და დაღუპვის ფაქტის დროს მნიშვნელოვანი იყო თავად პრემიერ-მინისტრს გამოეხატა სამძიმარი, ასევეა ინაუგურაციაც, ეს არის მომენტი, როცა საქმე ჩვენს სამეზობლოს ეხება, გამოხატული უნდა იქნეს თანადგომა ინაუგურაციის დროს. პრემიერ-მინისტრთან ერთად იქ ასევე იქნებიან სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს ერს და ქვეყანას, რომ გავწიოთ თანადგომა ჭირში და გვერდით დგომა ლხინში თუ ინაუგურაციაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ იქ იქნება ჰესბოლა და ჰამასი, პაპუაშვილი ამბობს, რომ არ იცის ვინ სად იმყოფება, თუმცა საქართველოს პრემიერი გაემგზავრა იქ იმისთვის, რომ ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა.
„შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტს არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც. მთლიანი სამეზობლო იმყოფება ინაუგურაციაზე და ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რომ რეგიონში ღონისძიებების დროს იყოს წარმოდგენილი ქართული დელეგაცია“, - თქვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, კობახიძის ვიზიტი არის თუ არა გზავნილი აშშ-სთვის, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს: „არა, რატომ უნდა იყოს გზავნილი? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში, აქ აშშ არ არის განთავსებული, ჩვენ ვართ აქ ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც, მნიშვნელოვანია გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს პრემიერს მიელოცა პრეზიდენტობა, ისე როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი აკეთებენ. ჩვენ ამოვდივართ ჩვენი ერის ინტერესებიდან“.