თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგანგაშო მონაცემებს ასაჯაროებს, როგორც ჩანს, ქვეყანაში სამომხმარებლო ზრდის ტენდენცია ვერ იძლევა. ოფიციალურად, წლიურმა ინფლაციის დონემ 63% შეადგინა, რაც თითქმის 2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.
საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 70%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება. სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც, უფრო კონკრეტულად, ინდექსის ზრდის მაჩვენებელი წლიურად 47%-ს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები დიდად არ ენდობიან. მათი შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე ქვეყანაში 120-დან 180%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ასეთი ინფლაციური ვითარების ფონზე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურადაა გადართული გამკაცრების პოლიტიკაზე. უკვე მეშვიდე შემთხვევაა, რაც ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზედიზედ ზრდის, ბოლო გადაწყვეტილება კი სწორედ დღეს გახდა ცნობილი და ინტერვენციის მაჩვენებელმა 250 საბაზო პუნქტით შეადგინა, რის შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 42.5 პროცენტი გახდა, რაც აგრეთვე კოლოსალურად მაღალი მაჩვენებელია.
ინფლაციასთან და გაუსაძლის განაკვეთებთან ერთად, თურქეთის მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა აწუხებს, ეს რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა. დღეს უკვე ერთი დოლარის გაცვლითმა კურსმა 92.5 ლირას მიაღწია, რაც ახალი ანტირეკორდია.
ეროვნული ვალუტის გაპარტახებას დაუძლეველი ინფლაცია და ქვეყნის მიმართ ინვესტორების განწყობის გაუარესება განაპირობებს, რადგან ერდოღანის მთავრობის უკვე მათაც კი აღარ სჯერათ.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზე ერქანი ჰყავს, რომელიც ტრადიციული ეკონომიკური პოლიტიკის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“.
სწორედ ამ ქალბატონმა ორი დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინფლაციის გამო, მას სტამბოლის დატოვება და საცხოვრებლად მშობლებთან გადასვლა მოუწია, რადგან ქალაქში უძრავი ქონება ისეთი გაძვირებულია, რომ მის შეძენას ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელიც კი ვეღარ ახერხებს.
ამ სასაცილო თუ სატირალი ამბის გარდა, ერქანმა ისიც თქვა, რომ ახლა სტამბოლში უფრო ძვირი ღირს ცხოვრება და უძრავი ქონება, ვიდრე მანჰეტენზეო და ეგ რა ადგილია, ალბათ, ყველამ კარგად იცით.
სხვათა შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის გარდა, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც გლობალური ინვესტორებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.
შიმშეკის და ერქანის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და ამ ტენდენციას ბოლო არ უჩანს.