მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვალუტის რეკორდული გაუფასურება, ინფლაცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა – რა ხდება თურქეთში?

თურქეთი

მეზობელ თურქეთში ეკონომიკური ვითარება რთულდება - როგორც ჩანს, ქვეყანაში ინფლაცია ვერ იძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელმა დეკემბერში 64.8%-ს მიაღწია. გაცილებით უარესი ვითარებაა საბაზისო ინფლაციასთან (Core CPI) მიმართებით, რომელმაც 70.6% შეადგინა.

სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც, უფრო კონკრეტულად, ინდექსის ზრდის მაჩვენებელი წლიურად 50%-ს შეადგენს; ტრანსპორტირების ხარჯები 77%-ითაა გაზრდილი; კომუნალური ხარჯები კი წლიურად 40%-ით გაიზარდა.

მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც ვერ იძლევა, რაც თურქეთის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 9%-მდე გაიზარდა, რა თითქმის 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ამ ყველაფრის ფონზე, თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. ამჯერად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 30 ლირას გადააჭარბა, რაც თურქული ვალუტის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელია. ერთწლიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს.

ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციის ტემპი მომავალშიც დაჩქარდება, რაც თურქეთის ეკონომიკის მიმართ ინტერესის შემცირებას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

თავად ინფლაცია პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებებთან და ცენტრალური ბანკის არატრადიციულ მონეტარულ პოლიტიკასთან, რომელსაც ის 2022-23 წლებში ატარებდა და რომელმაც ინფლაცია სამნიშნა მაჩვენებლამდე გაზარდა. მართალია, „ერდოღანიზმი“ ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაში დაგროვილი ინფლაციური წნეხი ჯერაც არ აჩვენებს გაგრილების ნიშნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები