ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ მოხდება ყველა ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს ხელისუფლების დარწმუნების მცდელობისთვის, რომ გააკეთონ ის, რაც საჭიროა.
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე, მიშელს ჰკითხეს - რას ეტყვის იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებს მართავენ. მიშელმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის ოქტომბრის არჩევნები იქნება ქვეყნის განვითარების მიმართულებაზე სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობა.
„ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს, ვართ თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების მხარეს და ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა ვცადოთ საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, რომ გააკეთონ, რაც საჭიროა. რამდენიმე თვეში საქართველოში იქნება არჩევნები და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ასევე იქნება ლეგიტიმურობის მიცემის, სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობა, რა მიმართულება სურთ ქვეყნისთვის“,- აცხადებს მიშელი.
კითხვაზე, როგორ შეუძლია დასავლეთს საქართველოზე რუსეთის გავლენის თავიდან აცილება, მიშელი ამბობს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მათ უნდა დაინახონ მხარდაჭერა.
„ძალიან ნათელია, რომ რუსეთის მიზანია, სადაც შესაძლებელია, ყველგან ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პრინციპებს ან კანონის უზენაესობის გაძლიერების მცდელობას. სწორედ ამიტომ, მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ამ ადამიანს საქართველოში. მე ვიცი, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირში გაწევრიანება და მათ უნდა იგრძნონ, რომ მხარს ვუჭერთ, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ამ მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას“, - ამბობს მიშელი.