ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი მაია მახარაშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება დაგვიანებულია. როგორც მან “ანალიტიკაში” განაცხადა, რეგიონებში დიდ ქალაქებთან შედარებით ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ აქ კომუნიკაცია მოსახლეობასთან კიდევ უფრო ნაკლები იყო.
“ვაქცინაციის თვალსაზრისით კომუნიკაციის გააქტიურება ვფიქრობ, ახლა უკვე გვიანიც არის. ის შტამები, რაც გავიარეთ და რამაც გამოიწვია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მძიმე მიმდინარეობა, თავიდან გარკვეულ ეტაპი სიჩუმე იყო. ამაზე არგუმენტი იყო რომ რადგან ქვეყანაში ვაქცინა ჯერ არ იყო შემოტანილი, აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან მოთხოვნას გააჩენდა, ეს მიზეზები გასაგებია, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ყველაზე მეტად დაგვიანდა. კერძოდ, ვაქცინაციის საწყისი ეტაპი, ყველაზე აქტიური რაც უნდა ყოფილიყო ვფიქრობ, მანდ არის ყველაზე მეტი ჩავარდნა. შემდეგ გარკვეულწილად გააქტიურდა. ამას გარდა, ხალხმა სამწუხარო მაგალითებმაც ნახა და ალბათ ამანაც თავისი როლი ითამაშა. დღეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ უნდა გაქრეს, პირიქით, უნდა გააქტიურდეს, თუმცა უფრო მეტი კითხვა ჩნდება ომიკრონთან მიმართებით და კიდევ უფრო რთული იქნება მოსახლეობის დარწმუნება, რადგან ფონად ამ ყველაფერს მიჰყვება ის რომ გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს”,-ამბობს მახარაშვილი.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია 1 218 567 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.4%-ს შეადგენს. მთავრობამ აცრების გააქტიურების მოტივით გასული წლის ნოემბრიდან 60 წლისა და მეტი ასაკის პირებზე 200 ლარიანი დანამატის გაცემა დაიწყო. იანვრიდან ეს დანამატი 50 წელს და მეტი ასაკის პირებზეც გაიცემა.




























