“ჩვენ ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ კორპორატიული კლიენტების მიმართულებით 560 მილიონის მოცულობის სესხები გავეცით არსებულ მსესხებლებზე. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთი ახალი საწარმოს პრეზენტაცია გავაკეთეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიუხედავად ამ გამოწვევისა გავაგრძელეთ მათი დაფინანსება და დღეს ხდება მათი გახსნა, ან დავიწყეთ ახლების დაფინანსება. მაგალითად ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ორი ახალი საწარმო დავაფინანსეთ, რომლებიც პირბადეებს აწარმოებენ და შეიძლება უკვე ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას საქართველო თუ პირბადეების იმპორტიორი იყო, დღეს უკვე ქვეყანა საკმარისს აწარმოებს და შეიძლება საქართველოდან რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე ექსპორტიც დაიწყოს. მე ვფიქრობ, რომ თიბისი ბანკი ამ შემთხვევაში არის კარგი არხი იმისა, თუ რაც მეწარმეობის უნარები არსებობს საქართველოში გვერდში დავუდგეთ, აქ და ახლა, მათთან ერთად ეს არსებული ბიზნესები განვავითაროთ, და ხელი შევუწყოთ მათ წინსვლას,”- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ვახტანგ ბუცხრიკიძემ “Forbes-ის კვირის” ეთერში საცალო სასესხო პორტფელის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ბანკი აგრძელებს მოქალაქეთათვის სასესხო შეღავათების შეთავაზებას. კერძოდ კი იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის პერიოდში შემოსავალი დაკარგეს და შესაბამისად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში მოექცნენ, სესხები ავტომატურად კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ, სხვა მსესხებლებს კი ბანკი პერიოდულად უკავშირდება და შეღავათების კიდევ სამი თვით გაგრძელებას ინდივიდუალურად სთავაზობს.