თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე სახელმწიფო ქონება საწყის ღირებულებაზე 4-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.
საქმე ეხება შენობის პირველ სართულს, ჯამში 578 კვადრატული მეტრის ფართობით.
17 ივლისს გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, 4 ფართის საწყისი ღირებულება 1 615 000 ლარი იყო. აუქციონი 31 ივლისს სრულდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე არსებულმა ქონებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. აუქციონზე ვაჭრობა 24 ივლისს დაიწყო. ქონების შეძენას 13 პრეტენდენტი ცდილობდა. თითოეული ბიჯის ღირებულება კი 5000 ლარი იყო. აუქციონის ბოლო წუთებში ჯამში 1036 ბიჯი დაფიქსირდა და სახელმწიფო ქონება „თ და კ რესტორნებმა“ 6 795 000 ლარად შეიძინა. საპრივატიზაციო ქონებას საინვესტიციო ვალდებულების პირობა არ ჰქონია.
„თ და კ რესტორნები“ საქართველოში McDonald's-ის ქსელის მმართველი კომპანიაა, რომლის მესაკუთრეები თემურ ჭყონია და თენგიზ კაპანაძე არიან.