covid-ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე სადაზღვევო კომპანიებში მომუშავე ოჯახის ექიმების მაღალ დატვირთულობა და პროცესის ეფექტიანი მართვის გადაწყვეტის გზები - ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც ორი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და რამდენიმე სადაზღვევო კომპანიას შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. იმისთვის, რომ ოჯახის ექიმებმა გაზრდილ დაწოლას გაუძლონ, კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე გზას სთავაზობს. მათ შორისაა არაკოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის გეგმიური ლაბორატორიული მომსახურების შეჩერება, რაზეც სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ covid-პაციენტების მართვა უკეთ შეძლონ.
„პე ეს პე დაზღვევის“ გენერალური დირექტორ სოფო ლებანიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შემდეგ კერძო სექტორის შეთავაზებებს დადებითი გამოხმაურება ჰქონდა, ახლა კი დარგი უწყების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება.
„ვცდილობთ, გავუმკლავდეთ მომართვიანობას, თუმცა შეფერხებები გვაქვს“, - თქვა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში „პე ეს პე დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიები თითქმის ყოველდღიურად ამატებენ ადამიანურ რესურსს, ავითარებენ ტექნოლოგიებს და ცდილობენ, მოქალაქეებს ხარისხიანი სერვისი მიაწოდონ.
სოფო ლებანიძე ვარაუდობს, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, პაციენტებისთვის ხარისხიანი და დროული მომსახურების გაწევა შეუძლებელი გახდება.
„უმნიშვნელოვანესია ოჯახის ექიმებამდე მივიდეს დროული და სწორი ინფორმაცია პროტოკოლების ცვლილებებთან დაკავშირებით; ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ როგორ ცვლის სახელმწიფო covid-ის მართვის პროტოკოლებს“, - აცხადებს „პე ეს პე დაზღვევის“ გენერალური დირექტორი.



























