მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5-1%-ული პუნქტით შემცირებას - ლაშა ქავთარაძე

5ed7805798abd
BM.GE
03.06.20 14:49
1587
Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის აზრით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს კიდევ შეამცირებს. ამის შესახებ ქავთარაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"24 ივნისის სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ველი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5-1.0%-ული პუნქტის ფარგლებში შემცირებას და რატომ:

1. მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა და დაახლოებით 10-14%-ის ფარგლებში დაფიქსირდება ალბათ ეკონომიკის ვარდნა მაისში, ხოლო 5-8%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი ვარდნა ივნისში - #ეკონომიკასსჭირდებამონეტარულისტიმული; 

2. მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის საგრძნობი შემცირება წლის მეორე ნახევარში და მიზნობრივ დონესთან დაბრუნება წლის ბოლოსკენ - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ხელს ვერ შეუშლის ინფლაციის შემცირების ტრაექტორიას. უფრო მეტიც, 2021 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონესაც შესაძლოა ჩამოცდეს; 

3. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე ზეწოლა მოსალოდნელია რომ შენელდება მომდევნო თვეებში.

...და ყველაზე მნიშვნელოვანი: მონეტარული პოლიტიკის შემცირებით ეკონომიკის სტიმულირება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით "ხისტ ფასებზე" ყურება და გაცვლითი კურსის გაუფასურების შიში (ამისთვის არსებობს სხვა ინსტრუმენტები, რომლის აქტიურად გამოყენება დაწყებული აქვს სებ-ს). ეკონომიკა მოითხოვს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სუსტი ეკონომიკა ლარის კურსის გამყარებას უფრო შეუშლის ხელს და საშუალოვადიან პერიოდში ფასების დონეზეც ცუდად აისახება", - წერს ლაშა ქავთარაძე.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, სებ-მა განაკვეთი 9-დან 8.5%-მდე შეამცირა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები