ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და მოლოდინებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი ხალხის, პარლამენტისა და მთავრობის არჩევანზეა დამოკიდებული - ამის შესახებ ბრაჟემ NATO-ს საიუბილეო სამიტზე ისაუბრა.
- ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გაუხსნა, საქართველოს კი ევროსაბჭო აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან მიცემული რეკომენდაციების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, ნაბიჯები უკან. საბჭომ დაასკვნა, რომ მმართველმა გუნდმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ზრახვები იმით, რომ შეცვალოს მოქმედების ის კურსი, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ამ გადაწყვეტილებამდე, თქვენ თბილისშიც იყავით. რას ნიშნავს ეს ამ გზაზე მყოფი საქართველოსთვის?
- ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნებაც არ ჰყოფნის, შენ უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება. ეს ეხება როგორც სტანდარტიზაციას… ასევე იმას, რომ უნდა იყო შესაბამისობაში ევროკავშირის ღირებულებებთან, ევროპულ პრინციპებთან. საქართველოს გასულ წელს მიეცა საშუალება წინ წასულიყო, როცა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მაგრამ, მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისთვის, რომ [გაწევრიანების თაობაზე] მოლაპარაკებები დაწყებულიყო.
სამწუხაროდ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა არ გადადგეს ეს ნაბიჯები და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც იყო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”, უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი და სხვა კანონებიც, რომლებიც ბადებს კითხვებს ევროკავშირის წევრებს შორის; რომელთა გამოც, სამწუხაროდ საქართველომ ვერ შეძლო იმ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა, სადაც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ.
ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელშია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 80 %-ს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი იყოს, ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაბეჭდილი. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაც ამას ემხრობა. ამიტომ, რატომ უნდა გააკეთო ახლა, რაღაც ასეთი, [ამის] საპირისპირო, ჩემთვის გაუგებარია.
- ხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს?
- ევროკავშირისკენ გზა არაა მხოლოდ სიტყვები ან ერთგულების გამოხატვა სიტყვებით. ეს პრაქტიკული ნაბიჯებია. ძალიან დეტალური, საკანონმდებლო გზა, იმ ინსტიტუტების ადაპტირება, რომლებიც უნდა გქონდეს, რომ წევრობის ვალდებულებები შეასრულო.
ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ და 2004 წელს შევუერთდით ევროკავშირს, ეს ყოველთვის ადვილი არაა, და არსებობს რთული სიტუაციები ამ გზაზე, რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ლატვიის პერსპექტივიდან გეტყვით, რომ ეს არც ასეთი რთული ჩანდა. [ამიტომ] ჩვენ გაგვიკვირდა, როცა საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ეს მომენტი აირჩია ამ ტიპის კანონის მისაღებად, რომელიც ინტეგრაციის პროცესს შეანელებდა. იმედია, ის სრულად გაჩერებული არაა და ჯერ კიდევ არის ამ გზაზე დაბრუნების დრო. კიდევ ბევრი რთული გადაწყვეტილება იქნება ამ გზაზე, რომელსაც კანდიდატი ქვეყნები გადიან და ვერ იწინასწარმეტყველებ, რა გახდება პოლიტიკური დაბრკოლება.
- ლატვია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვინც მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობს. პენტაგონმა სამიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე? და რა გავლენას მოახდენს შემცირებული სამხედრო ჩართულობა იმ ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებზე, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?
- ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყოველთვის საქართველოს უდიდესი და უახლოესი მხარდამჭერები ვიყავით. და ამად ვრჩებით როგორც ევროკავშირის, ისე - ნატოში ინტეგრაციისკენ გზაზე. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს პარლამენტი ან მთავრობა.
საქართველოს წარმატებით ბევრი რამ დევს სასწორზე. ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი, ადამიანური რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოს წარმატებაში წვლილი შეგვეტანა. ასე რომ, ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს.
მაგრამ, ეს გადაწყვეტილებათა მიღების სუვერენული პროცესია და მე ვერავის ვეტყვი, რა გააკეთოს და რა - არა. მხოლოდ იმ ერთგულების გამოხატვა შემიძლია, რაც საქართველოს მხარდაჭერის მიმართ გაგვაჩნია ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად და მისთვის საუკეთესო მომავლის იმედი გვაქვს. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, ეს არჩევანია, პოლიტიკური არჩევანი - საქართველოს მთავრობის პოლიტიკური არჩევანი.