მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველით სამხრეთ კორეელი ინვესტორების ინტერესს ახალ პროექტებში - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრო

„ორი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურისა და სავაჭრო მოდელის განსხვავება აჩვენებს, რომ კორეისა და საქართველოს ეკონომიკა ერთმანეთს ავსებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კორეულ გამოცემას განუცხადა. „კორეა ჰერალდმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - გზა ორმხრივი სარგებლის მომტანი დიპლომატიისკენ“.

ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში გენადი არველაძე აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გახსნის შესაძლებლობას კორეის ბაზარზე ისეთი ქართულ პროდუქციის შეტანისთვის, როგორებიცაა ღვინო, თხილი, სასუქი, ჩირი, ხილი, ბოსტნეული და სხვა.

არველაძის თქმით, კორეის ბიზნესებმა უნდა გამოიყენონ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ისარგებლონ ქვეყნის, როგორც შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტრანსპორტირების და ენერგეტიკის უმნიშვნელოვანესი რეგიონალური ჰაბის შესაძლებლობებით.

„საქართველოს რეგულაციების ხარისხი და მთავრობის ეფექტურობა უსწრებს რეგიონის საშუალო დონეს და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, ხოლო მისი სტრატეგიული მდებარეობა, ძლიერი ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური წყობა და საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის სწრაფვა უზრუნველყოფს ურთიერთკავშირს, დივერსიფიკაციას და ევროპა-აზიის სავაჭრო გზების გაფართოებას,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ „კორეა ჰერალდთან“ საუბარში.

არველაძის თქმით, საქართველო არის სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის გავლით ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის უწყვეტი და უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, ენერგორესურსების ტრანზიტისა და ენერგოუსაფრთხოების მიწოდების ჯაჭვებში რეგიონულ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„მივესალმებით და ველით სამხრეთ კორეელი ინვესტორების ინტერესს ახალ პროექტებში, რათა მხარი დაუჭირონ განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ტრანსპორტის და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას, ასევე ახალ ტექნოლოგიებს, რესურსების ეფექტური, ინოვაციური და სუფთა წარმოების ჩათვლით“, - განაცხადა არველაძემ.

„კორეა ჰერადთან“ საუბარში მან ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი; ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი; სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. „საქართველო გთავაზობთ შესაძლებლობების მიმზიდველ სპექტრს, რომელსაც მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა აქვს,” - თქვა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები