თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუღებელია ის ქაოსი, რომელიც ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით ხდება, მძღოლებს მანქანები გაჩერებული ჰყავთ ავტობუსის ზოლებზე, ზებრა-გადასასვლელებზე და ა.შ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია ქაოსს ვერ დაუშვებს, ამიტომ არასწორი პარკირების შემთხვევაში საკითხს სერიოზული ყურადღება მიექცევა.
„ამ რთულ დროს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, დავუშვით ბასლაინებზე ავტომობილების გადაადგილება. გარდა ამისა, პარკირების თანამშრომლებს ვთხოვეთ, ნაკლებად დააჯარიმონ მძღოლები, იყვნენ ლოალურები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში ქაოსი იყოს. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, რაც ახლა არის. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალები, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ტროტუარებზე გაჩერებულია ავტომობილები, ბასლაინებზე ხდება ავტომობილების დაპარკინგება და ა.შ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვცდილობთ ადამიანებს კომფორტი შევუქმნათ და ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქში განუკითხაობა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
მან თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მიმართა და მიუწოდა, კანონდარღვევაზე და არასწორ პარკირებაზე, რაც მოქალაქეებს დისკომფორტს შეუქმნის, შესაბამისი სწრაფი რეაგირება მოახდინონ.




























