მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით, რომ წელს ვალი დაახლოებით 45%-იან ნიშნულამდე შემცირდება - კაკაურიძე

62ac7e923122c
BM.GE
17.06.22 17:42
912

ველოდებით, რომ წელს ვალი დაახლოებით 45%-იან ნიშნულამდე შემცირდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში განაცხადა. აღსანიშნია, რომ ქვეყნის მშპ-სთან მიმართებით ვალის პროგნოზი შემცირებულია. აქამდე არსებული პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 50% უნდა ყოფილიყო.

"გასული წელი 60%-ზე მეტი ვალის ნიშნულით დავიწყეთ მშპ-თან მიმართებით. წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ვალი საკმაოდ დიდი მოცულობით შეგვემცირებინა. 49.5%-მდე შემცირდა  ვალის მაჩვენებელი, რაც 10 პოცენტული პუნქტით კლებას ნიშნავს. წელს ველოდებით, რომ დაახლოებით 45%-იან ნიშნულზე ჩამოვალთ, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შესაძლებელი იქნება ვალის 41% შემცირება, რაც იმ დონეს უახლოვდება, რაც პანდემიამდე გვქონდა”,-აცხადებს კაკაურიძე.

2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 29.8 მილიარდი ლარია, საიდანაც 5.9 მილიარდი ლარი საშინაო, 23.9 მილიარდი კი საგარეო ვალია. ეს წელს დაგეგმილი მშპ-ის, ანუ 64.8 მილიარდი ლარის 46%-ია. ამჟამად, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის კლების წამყვანი მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარებაა, რაც ლარებში საგარეო ვალის ნაშთის მოცულობას ამცირებს. იმ შემთხვევაში თუკი 1) წელს ეკონომიკა დაგეგმილი 6%-ით გაიზრდება და 2) ლარი გაცვლითი კურსის სიმყარეს შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყნის საგარეო ვალის ზომა მართლაც 45%-მდე დავა.

საქართველოს სახელმწიფო ვალი განსაკუთრებული ტემპით პანდემიის პირველი ტალღის დროს გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის შესარბილებლად საერთაშორისო დონორებისგან $2 მილიარდის საგარეო ვალი აიღო, ამავე წელს ლარი მკვეთრად გაუფასურა. შედეგად, სახელმწიფო ვალი 2019 წელს არსებული 40%-დან რეკორდულ 60%-მდე გაიზარდა. 2021-ში ვალის მოცულობამ მშპ-ს 51%-მდე იკლო, წელს კი მთავრობა მის 45%-მდე შემცირებას მოელის.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა იხილეთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები