2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ვენჩურულმა ინვესტორებმა ყველაზე დიდი თანხა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩადეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსური მონაცემების ანალიზის გლობალურმა პლატფორმა Pitchbook-მა გაავრცელა.
როგორც პორტალიდან ვიგებთ, წლის დასაწყისიდან დღემდე ვენჩურულმა ინვესტორებმა AI ინდუსტრიაში $192 მილიარდზე მეტი ჩადეს. სტარტაპებში მსხვილი დაბანდებების მიზეზი კი ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის მიმართ დაინტერესების არნახული ზრდა და ახალი AI მოწყობილობებისა თუ პროგრამების ბუმია.
Pitchbook-ის ინფორმაციით, ვენჩურული ინვესტიციების ნახევარზე მეტი წელს AI ინდუსტრიისკენ იყო მიმართული. ინვესტორები ყველაფერს აკეთებენ, რათა წარმატებულ სტარტაპებში წილები მოიპოვონ, რადგან ხვდებიან, თუ რამდენად ეპოქალური ცვლილებების დასაწყისში იმყოფება მსოფლიო ახლა.
მართალია, ინვესტორების დაინტერესება იზრდება, თუმცა ამ პროცესში შესაძლო საფრთხეებზე უკვე არაერთი ანალიტიკოსი საუბრობს. ისინი შიშობენ, რომ ვენჩურული კაპიტალის ამ მოცულობით AI მიმართულებაში დაბანდება სექტორზე უარყოფითად იმოქმედებს. მით უმეტეს, რომ ბევრი სტარტაპი მხოლოდ დაპირებებსა და პროტოტიპებზე დგას. რეალური ვითარება კი გაცილებით განსხვავებულია. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ წარმოიქმნება სპეკულაციური ბუშტი, რომელიც საბოლოოდ სწორედ ინვესტორებს დააზარალებს, სტარტაპების უმრავლესობა კი გაქრება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე ვრცლად რამდენიმე დღის წინ Amazon-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმაც ისაუბრა.




























