ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში ეუთო/ოდირთან-თან (OSCE/ODIHR) ერთად წარდგენილი პირველადი ანგარიში შესწორებების გარეშე დაამტკიცა. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელმაც ვენეციის კომისიის 133-ე პლენარულ სხდომაში მონაწილეობდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მან ხაზგასმით აღნიშნა ამ დასკვნის მნიშვნელობაზე და საკანონმდებლო პაკეტის პოზიტიურ შეფასებებზეც ისაუბრა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვა მოხდა ამ ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, რის თაობაზეც ვენეციის კომისიის წევრებმა და დამსწრე ექსპერტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 7 დეკემბერს დასკვნა დეტალურად განვიხილეთ; 8-ში კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოვისმინეთ, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ განხილვას. პარალელურ რეჟიმში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფში და არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე პოზიციების შეჯერებაც მოხდა, რაც დამატებით აისახა მეორე მოსმენის კანონპროექტში. გუაშინ პარლამენტმა, ფართო კონსესუსით, ბევრი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, მეორე მოსმენით ცვლილებების ეს პროექტი მიიღო. ვენეციის კომისიის სხდომაზე დეტალურად გავამახვილე ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ამ ანგარიშიდან მეორე მოსმენის პროექტში აისახა და შესაბამისად, კომისიის წევრებს დეტალურად გავაცანი თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მიმდინარე წლის მომავალ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, მეორე მოსმენით მიღებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება და შემდეგ, რიგგარეშე სესიაზე, მესამე მოსმენით ამ პროექტის დამტკიცება, რითაც 12 პუნქტიანი გეგმის ეს მიმართულება მიმდინარე წლის ბოლომდე შესრულდება.