ვენეციის კომისია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "რუსულ კანონზე" დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს. კერძოდ, კომისიამ გადაწყვეტა საქმეზე "საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა.
საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც პარლამენტმა საპროტესტო გამოსვლებისა და ქვეყნის გარეთ კრიტიკის მიუხედავად, გასული წლის გაზაფხულზე მაინც მიიღო. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ.
2023 წლის მარტში აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, ე.წ რუსული კანონი ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. თუმცა კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს კვლავ დააბრუნა პარლამენტში და მიიღო. მიღების შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაძლია. კანონი პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა.




























