მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე მიღება ძალიან გულდასაწყვეტია - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი "რუსულ კანონზე"

ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, ძალიან გულდასაწყვეტია და არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას.

ამასთან, ის ძალადობის და დაშინების ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროდ, იგნორირებული იყო საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება კანონპროექტის ევროპულ, დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუთავსებლობასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი საპარლამენტო განხილვების არარსებობა არ შეესაბამება ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს.

ვინაიდან ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება მალე, მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად.

ასევე, ღრმად შეშფოთებული ვარ მრავალი მოხსენებით, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველისგან, დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელებისა და სტიგმატიზაციის ოფიციალური ნარატივების გამოყენებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, და ამავდროულად უზრუნველყოს სათანადო და ეფექტური გამოძიების ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესახებ.

ევროპის საბჭო მზადაა დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაში, რათა განამტკიცოს მისი დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“,- აღნიშნულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაში.

14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30-ის წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები