ვენეციის კომისიის დასკვნა, ე.წ გამჭვირვალობის შესახებ "რუსულ კანონზე" უპრეცედენტოდ მკაცრია - ამის შესახებ BM.GE-ის კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომისიის დასკვნები სხვა დროს სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომელიც სხვა და სხვა მუხლების შეუსაბამობებს აღწერს და გამოსწორების გონივრულ გზებს სთავაზობს ქვეყნებს. ამ შემთხვევაში კი, ერთადერთი რეკომენდაცია, კანონის გაუქმებაა.
" ასეთი მკაცრი ტექსტი ვენეციის კომისიის მხრიდან მე არ მახსოვს. მკაცრი, არა მხოლოდ შეფასებების თვალსაზრისით, არამედ, შედეგების პროგნოზირების თვალსაზრისითაც, რა მოჰყვება ამ კანონის მიღებას. დასკვნა არის ძალიან მკაცრი და პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს. მაშინ, როცა ვენეციის კომისია როცა თავის დასკვნას წერს მიუთითებს ხოლმე შეუსაბამობებზე და სთავაზობს გასწორების გზებს. ამას აქვს ხოლმე სარეკომენდაციო ხასიათი.
ამ შემთხვევაში კი, რეკომენდაცია არის ერთადერთი, კანონის გაუქმება, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა ევროპულ პაქტს.
პირდაპირი შეუსაბამობები საქართველოს კონსტიტუციასთან დასკვნაში არ არის, თუმცა ჩამოთვლილია ძალიან ბევრი მუხლი, რომელიც ევროპულ კონვენციაშია და ასახულია ჩვენს კონსტიტუციაშიც, ანალოგიური შინაარსით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუხლებზე მითითება გვხვდება პრეზიდენტის ვეტოშიც. (პრეზიდენტმა დაწერა, რომ ვეტოს მექანიზმს იყენებს, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე, მე-15, მე-11, მე-78 მუხლებს). ასე რომ ეს დოკუმენტი თავისი შინაარსით ერთმანეთს ემთხვევა.
ის, რაც ვენეციის კომისიამ თქვა, არაერთმა იურისტმა თქვა იქამდე საქართველოში. მაგალითად ის, რომ პროცესი მიდიოდა პროცედურული დარღვევებით და სტანდარტები იყო შეუსაბამო კანონშემოქმედებით საქმიანობასთან. კომისიამ დასკვნაში ეს დარღვევები და 1 წუთზე ნაკლებ დროში დასრულებული მესამე საკომიტეტო მოსმენაც კი მიუთითა", - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, გაურკვეველია "ქართული ოცნების" მოტივაცია, რატომ დააინიიცირა "რუსული კანონი" ხელახლა, როცა რეპუტაციული ზიანი ისედაც ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო.
"შეიძლება არის რაღაც პროცესი, რის გამოც კანონი მეორედ შემოიტანეს და მიიღეს, მაგრამ ეს არ ჩანს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერანაირი გონივრული საფუძვლით ამ კანონის შემოტანას ვერ ვხსნი. რატომ წავიდა და რად უღირდა მმართველ პარტიას, ძალიან მარტივად პროგნოზირებადი რეპუტაციული ზიანი საარჩევნო წელს, მართლა აუხსნელია.
ვარაუდი, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი რომ არ დაწყებულიყო და ამაზე, უარი ჩვენ კი არა, ევროპას ეთქვა ესეც ნაკლებ გონივრულია. ხომ ყველამ ვიცოდით, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროპის კარი ჩვენთვის დაიხურებოდა? ამით შეცდომაში ვერავის შეიყვანენ, ამიტომ კითხვაზე, რატომ დაიწყო პროცესი თავიდან, მე არ მაქვს.
რაც უნდა იყოს ზიანი რომელსაც სახელმწიფო იღებს იქნება უფრო დიდი, ძალიან დიდი თუ კანონი საბოლოოდ შევა ძალაში. ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგს, რომელსაც ჯაჭვური შედეგი ექნება იგრძნობს ყველა მოქალაქე. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მხოლოდ უფლებრივი მდგომარეობა გაუარესედება, არასწორია. ჯერ კიდევ არის შანსი კანონზე უარის თქმის შანსი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება ხელისუფლება ასე მოიქცეს. ამიტომ, ახლა პროცესი იმ დასკვნით ეტაპზეა, როცა ხელისუფლების ყველა განცხადება და გადაწყვეტილება სასაცილოა, მასხრად ასაგდებია. როგორც იმ, ცნობილ ზღაპარშია, როცა მეფის მიერ გადასახადის მუდმივ ზრდაზე ბოლოს მთელი ქვეყანა იცინის", - თქვა კონსტიტუციონალისტმა.
რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკუთარი დასკვნა ვენეციის კომისიამ, გუშინ გამოაქვეყნა.
დასკვნაში წერია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით".