მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვერ აკონტროლებს, ხელს უწყობს თუ თავადაც ჩართულია? – ირაკლი აბესაძე ბაღების ტენდერებში "ატკატებში" კალაძის როლზე

ირაკლი აბესაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე თბილისის მერიის სისტემურ კორუფციას უკავშირებს. მისი შეფასებით, პროკურატურის მიერ გახმაურებული საქმე ადასტურებს, რომ ფულის მითვისება ისეთ სენსიტიურ სფეროშიც კი ხდებოდა, როგორიც საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ბავშვების კვებაა, ხოლო "ატკატები" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამდე აღწევდა.

bm.ge-სთან აბესაძე ამბობს, რომ ეს საქმე სერიოზულ კითხვებს აჩენს თბილისის მერის, კახი კალაძის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვებს, რომ თბილისის მერიის საქმიანობაში პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, სადაც კორუფციული ნიშნები არ იკვეთება.

"პროკურატურის დღევანდელმა ბრიფინგმა პრინციპში დაადასტურა ერთ კონკრეტულ სფეროში, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, როდესაც თავად სახელმწიფო აღიარებს, რომ მერიაში ისეთ საკვანძო და ძალიან პრობლემურ სფეროში, როგორიც ბავშვთა უკეთესი და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაციაა, ბავშვების უკეთესი ხარისხის კვებაა ფულს იპარავდნენ და ატკატები ადიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამდეც კი.

ამიტომ მთავარი შეკითხვა, რაც მე გამიჩნდა: როგორ უყურებს ამას სახელმწიფო? კახი კალაძე უბრალოდ დოყლაპიას როლში იყო და ვერ აკონტროლებს სიტუაციას თბილისის მერიაში, თუ მან იცოდა და ხელს ვერ ან არ უშლიდა ლილუაშვილის მიერ ფულის კეთებას, თუ თავადაც ჩართული იყო ამ სქემაში და თავადაც იღებდა "ატკატებს"? ამ სამი სავარაუდო შეკითხვიდან აუცილებლად ერთ-ერთია სწორი და რომელიც არ უნდა იყოს, არცერთი არ არის სახარბიელო თბილისელებისთვის და პერსონალურად კალაძისთვის.

თუ ყველაზე უმტკივნეულოს ავიღებთ კალაძისთვის, თუ ჩვენ გვყავს მერი, რომელიც იმდენად ვერ აკონტროლებს სიტუაციას, რომ ბავშვებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი იპარება, იფლანგება და "ატკატების" სახით მიდის სხვა უწყების ხელმძღვანელთან, მაშინ საერთოდ რისი მერი და რისი ხელმძღვანელია კალაძე?", - განაცხადა აბესაძემ.

ამასთან, იგი იხსენებს, რომ კალაძეს ჰყავს როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისია, ასევე მერიის შიდა აუდიტის სამსახური, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერებისა და ეფექტიანობის კონტროლი.

ირაკლი აბესაძის თქმით, თუ ამ უწყებებმა მსგავსი დარღვევები ვერ აღმოაჩინეს ან არ ამოწმებდნენ, ესეც მერის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხია და კიდევ ერთხელ აძლიერებს კითხვებს თბილისის მერიის კორუმპირებულობის შესახებ.

„ამასთან გავიხსენოთ, რომ კალაძეს ჰყავს საკრებულოს სარევიზიო კომისია და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური, ანუ ორი უწყება, რომელსაც ევალება, პირდაპირ ევალება საბიუჯეტო სახსრების თბილისის მუნიციპალიტეტის უწყებებში ხარჯვის კანონიერების და ეფექტიანობის შემოწმება.

და თუ ეს უწყებები არ ამოწმებდნენ ან ვერ აღმოაჩინეს მსგავსი დარღვევები, რა თქმა უნდა, ესეც კალაძის პერსონალური პასუხისმგებლობაა. ამ საკითხმა გააჩინა და გააცოცხლა, ახალი მნიშვნელობა შესძინა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც კალაძის უწყების კორუმპირებულობის მიმართ არსებობს. წლებია ვსაუბრობთ ქალაქის ტრანსპორტის შეძენისას გამოვლენილ სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებზე, მაგალითად დღემდე არ მიგვიღია პასუხი შეკითხვაზე – მოიპარეს თუ არა 60 მილიონი ლარი იმ კონტრაქტიდან, რომელიც ავტობუსებისთვის გაფორმდა.

წლებია ჩვენ ვუყურებთ ქუჩების და გამწვანების რეაბილიტაციას, რომლებიც გახსნიდან რამდენიმე თვეში ზიანდება, მაგალითად გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა, ფიზიკურად ჩავარდა ასფალტის საფარი, გამოსაცვლელია სანიაღვრე არ მუშაობს და ასე შემდეგ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების საწყისი კონტრაქტით თითქმის არასდროს არ არის ხოლმე საკმარისი და რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად იზრდება ხოლმე თანხები. ამის ძალიან კარგი მაგალითია მაჭავარიანის და გელოვანის დამაკავშირებელი პანდუსის მშენებლობა, რომელიც გაფორმებული საწყისი კონტრაქტით დაახლოებით 17 მილიონ ლარზე გაფორმდა და საბოლოო ჯამში 60 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა ამ პანდუსის მშენებლობა.

არის ეს მოპარული ფული, არის ეს არასწორი მენეჯმენტის გამო გაფლანგული ფული? რა თქმა უნდა, ეს კითხვებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესოა, წლების განმავლობაში ვაკვირდებით როგორ ხარჯავს თბილისის მერია მილიონობით ლარს ასფალტის შრობაზე. ალბათ შეიძლება მკითხველს თუ მაყურებელს გაეცინოს კიდეც, რომ რას ნიშნავს ასფალტის შრობა და დიახ, აი ასე ფენით გვეუბნებიან, რომ გზის დახაზვის წინ ასფალტს აშრობენ და წყლის აორთქლებასთან ერთად, როგორც ჩანს, აორთქლებენ მილიონობით ლარსაც. რასაც მე ვაკვირდები, ძალიან დიდი მოცულობით თანხები იხარჯება ასფალტის შრობაზე, რისი საჭიროებაც ნორმალური სამეურნეო საქმიანობის პირობებში უბრალოდ არ არსებობს.

სერიოზული პრობლემა გვაქვს და ვნახეთ ვაკის პარკის უმძიმესი ტრაგედია, როდესაც მილიონობით ლარი იხარჯება ავარიული შენობა-ნაგებობების თითქოს გამაგრებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არა მხოლოდ უბრალოდ ავარიული, არამედ სიცოცხლისთვის საშიში ძალიან ბევრი ნაგებობა გვაქვს ქალაქში და ვაკის პარკის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ აი ქალაქის ისეთ ცენტრალურ ნაწილშიც და ისეთ ხალხმრავალ ნაწილშიც კი, სადაც თბილისის მერიას წინასწარ ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ავარიული შენობიდან ავარიული ელემენტი იყო მოსახსნელი, ამაზე უბრალოდ მერიამ არ ირეაგირა", - განაცხადა მან.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერია უკიდურესად კორუმპირებულია მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესშიც. იგი საუბრობს როგორც პოლიტიკურ კორუფციაზე, ასევე კერძო ინტერესებზე, როდესაც კონკრეტულ კომპანიებსა და პირებთან დაახლოებულ ბიზნესებს მნიშვნელოვანი მშენებლობები თანხმდება ქალაქის გენერალური გეგმისა და მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ.

აბესაძის შეფასებით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ხდება თუ არა ეს ყველაფერი ფინანსური დაინტერესებისა და "ატკატების" გარეშე. მისი თქმით, არ არსებობს პრაქტიკულად არც ერთი სფერო თბილისის მერიის საქმიანობაში, სადაც კორუფციის ნიშნები არ იკვეთება, ხოლო საბავშვო ბაღების საქმე ამ ყველაფრის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა, რადგან საუბარია ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებაზე.

"ესეც, სხვათა შორის, კორუფციის დამადასტურებელია, იმიტომ რომ ფული იხარჯება იქ, სადაც რეალურად სამუშაო შესასრულებელი არ არის, რათა "ატკატები" და დიდი რაოდენობით ფული მოიპარონ, ხოლო იქ, სადაც მართლაც სამუშაოა შესასრულებელი, როგორც ჩანს, თბილისის მერიის სამსახურები დიდ ენთუზიაზმს არ იჩენენ. რა თქმა უნდა, უკიდურესად კორუმპირებულია თბილისის მერია, როდესაც მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხზე ვსაუბრობთ.

ჩვენ კარგად ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციას, მაგალითად, ივანიშვილის მშენებლობებს. გასაგებია, რომ ივანიშვილისგან ალბათ "ატკატს" არავინ იღებს, მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი, მაგალითად, იპოდრომის სარეკრეაციო სივრცეში ახლა ფხაკაძეები რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობას იწყებდნენ. რომ არა ივანიშვილი, შეუძლებელი იქნებოდა გმირთა მოედანზე, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, იმ მოცულობის მშენებლობა, როგორიც არსებობს. რომ არა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არ განადგურდებოდა თაბორის მთის ისტორიული ლანდშაფტი და ა.შ.

მაგრამ თავი რომ დავანებოთ ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ამ მშენებლობებში პირდაპირ ჩართულ მრავალ დეპუტატს, მინისტრს, მინისტრის მოადგილესა და კალაძეს, რომელიც არც კი უარყოფს, მაგალითად, კომპანია „არქის“ დამფუძნებელთან პირად ახლობლობასა და მეგობრობას. შემდგომ კი ვხედავთ, რა მოცულობის მშენებლობები თანხმდება „არქისთვის“ თუ სხვა კომპანიებისთვის. ვსვამთ შეკითხვას: ეს ხდება კანონმდებლობის, ქალაქის გენერალური გეგმისა და თბილისელების ინტერესების საზიანოდ – ეს ცხადია, მაგრამ ხდება ეს ატკატისა და ფინანსური დაინტერესების გარეშე, თუ რეალურად თბილისის მერიის ჩინოვნიკები ამაში ქრთამსა და "ატკატებს" იღებენ?

რა თქმა უნდა, ამაზეც გამოძიებამ უნდა გვიპასუხოს... მოკლედ რომ შევაჯამო, აღარაფერს ვამბობ იმ უმძიმეს ტრაგიკულ შემთხვევებზე, როგორიც ვაკის პარკია და ა.შ., სადაც ნათელია, რომ კორუფცია, თუ არაპროფესიონალიზმი თბილისის მერიაში, საბოლოო ჯამში, ასეთ უმძიმეს ტრაგედიებს იწვევს. ასე რომ, არ არსებობს თბილისის მერიის საქმიანობის სფერო, ისევე როგორც სახელმწიფო მმართველობის, მაგრამ განსაკუთრებით თბილისის მერიაზე თუ ვიტყვით – არ არსებობს სფერო, სადაც ფაქტობრივად დადასტურებული კორუფციული ფაქტები არ გვაქვს. და ის, რომ დღეს საბავშვო ბაღების შემთხვევაში ყველაზე მძიმე სურათი ვნახეთ (ბავშვებს პარავენ ჭამის ფულს), მათ შორის დეპუტატ ზარქუას ოჯახთან დაკავშირებული კომპანია... მათთვის არ არსებობს ხელშეუხებელი სფერო ფულის მოპარვისთვის", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის საფუძველზე, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

ბრალდებული დაკავებამდე პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადდა და განაცხადა, რომ მისთვის საქმის დეტალები უცნობი იყო.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების სახლები სუსმა ოქტომბერში გაჩხრიკა. მაშინ ბრალი წარდგენილი არც ერთ პირს არ ჰქონდა. ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი და 136 000 ლარი ამოიღეს.

იქამდე კობახიძემ თქვა:

2 აპრილი, 2025: „საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი... ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა“.

4 აპრილი, 2025: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები