მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მრავალი მილიონის გამოყოფა იგეგმება.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს, რა იქნება დაფინანსების წყარო ან რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. როგორც მან საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ აღნიშნა, დეტალები მომდევნო წლის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში გაიწერება.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ვერ აკონკრეტებს როდის მოხდა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხზე საუბარი რამდენიმე თვის წინაც იყო.
"პრემიერმა ახსენა, რომ პირველი კონკურსი იანვარში გამოცხადდება, შესაბამისად, წლევანდელ ბიუჯეტში ეს არ არის გათვალისწინებული. მომავალი წლის ბიუჯეტი როდესაც უკვე პირველი ოქტომბრისთვის შემოვა, იქ აისახება კონკრეტული თანხაც და სხვა საკითხებიც. ბიუჯეტის შემუშავების დროს გაიწერება ეს საკითხები: თანხაც, წყაროც და ა.შ.", - თქვა კაკაურიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ეს ერთგვარად NGO-ების მოსყიდვის მცდელობა, რომ "რუსული კანონით" შექმნილ რეესტრში დარეგისტრირდნენ, კაკაურიძე ამბობს, რომ მოსყიდვის მცდელობას ვერ დაარქმევდა. მისივე თქმით, არსებობდა მსგავსი ტიპის დაფინანსება კონკრეტული მიმართულებებით და ეს მიმართულებები გაფართოვდება.
"ნამდვილად ვერ დავარქმევდი მოსყიდვის მცდელობას. ეს საგრანტო კონკურსი იქნება. ზოგადად, ყველა NGO ბიუჯეტიდან ფინანსდება, მთავარია ვისი ბიუჯეტიდან. პირველი პრეცედენტი არ იქნება, ვინაიდან უკვე საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებდა მსგავსი ტიპის დაფინანსებას, თუმცა იყო კონკრეტული მიმართულებით და ეს თანხა ყოველწლიურად ბიუჯეტში გაწერილი იყო. ამ შემთხვევაში, უკვე მიმართულებების არეალი გაიზრდება და არ იქნება მხოლოდ არჩევნებზე მიმართული ეს დაფინანსება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.