მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერ შევიმუშავეთ ენერგეტიკული მოდელი, რომლითაც რიგითი ფერმერი მიიღებს სარგებელს" - თორნიკე დარჯანია

დარჯანია

"ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებლის თორნიკე დარჯანიას შეფასებით, სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა ენერგიის შემნახველ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობაა. როგორც ის BMGDrive-ის ეთერში განმარტავს, შემნახველი ტექნოლოგიები აუცილებელია, თუმცა მათ განსავითარებლად სახელმწიფოს ინტერესი და მხარდაჭერაა საჭირო, რასაც დარგი ვერ იღებს.

"განახლებად ენერგიებს სჭირდება შენახვა. იმიტომ რომ მაგალითად დღეს მზე არ არის, გუშინ იყო ფანტასტიკური მზე და ვაწარმოვეთ იმდენი ელექტროენერგია, რომ სად წაგვეღო არ ვიცოდით, ეს მოცემულობა გვაქვს. თან შენახვა პრობლემურია არა მხოლოდ დღე-ღამის ჭრილში, არამედ სეზონურადაც. ზაფხულში ჩვენ ძალიან ბევრი ენერგია გვაქვს და ვერ ვინახავთ და ვერ გადაგვაქვს ზამთრის პერიოდზე. ამ კუთხით შენახვის ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ლითიუმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ერთი კილოვატის შემნახველები დაახლოებით 250 დოლარი ღირს, თანაც დიდ მასშტაბზე, პატარა მასშტაბზე გაცილებით ძვირი ღირს. აქედან გამომდინარე, შენახვის ტექნოლოგიები ჩვენთან ჯერ კიდევ ითვლება ძვირ ტექნოლოგიად, განსხვავებით მზის ელექტროსადგურის ტექნოლოგიისგან. მაგრამ ჩვენ მარტო იმას არ უნდა ვუყუროთ, რომ ლითიუმზე დაფუძნებული სააკუმულატორო სისტემები უნდა დავაყენოთ, ამას გარდა, ქვეყანას სტრატეგიულად საფიქრალი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ აბსოლუტური დამოკიდებულება გვაქვს მერე ჩინეთზე, და ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, რომელიც ამ ტექნოლოგიას აწარმოებს. შენახვა გამოწვევად რჩება, არა მხოლოდ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ფასის თვალსაზრისითაც. და კითხვა თუ იყო, რომ სახელმწიფო რაში უწყობს სექტორს ხელს - ამ ეტაპზე არაფერში. ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს შენახვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რაიმე მხარდაჭერა", - ამბობს თორნიკე დარჯანია.

კითხვაზე, რა შეიძლება გაკეთდეს ენერგიის შენახვის ტექნოლოგიების განვითარებისთვის, თორნიკე დარჯანია მნიშვნელოვან კომპონენტად დიფერენცირებულ ტარიფებსა და მოსახლეობაში ცნობიერების გაზრდას ასახელებს. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ენერგეტიკული მოდელი, რომლითაც სარგებელს მოსახლეობაც მიიღებს, განსაკუთრებით, როცა საქმე ჰიდროელექტროსადგურების ინსტალაციას ეხება.

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა გადავიდეთ დღე-ღამის ტარიფზე. ანუ ჩვენ ვიტყვით, რომ ელექტროენერგია დილით და საღამოს უფრო ძვირი ღირს, ან უნდა ვთქვათ, ზოგადად, როდის გვჭირდება უფრო მეტი ელექტროენერგია. ელექტრომობილს როდის მუხტავთ? დღისით ხომ? რატომ? როდესაც შეგიძლია რომ ღამით დამუხტო, როდესაც სისტემაზე ტვირთი მოხსნილია. ამ კუთხით საფიქრალია და მერე, როდესაც გვექნება დიფერენცირებული ტარიფები, უკვე შენახვის ტექნოლოგიაც მოიკიდებს ფეხს.

რაც ჩვენ გვაკლია არის ის, რომ უფრო მეტია ხალხთან სამუშაო და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ადამიანებთან საუბარი, რომ დაერწმუნებინა და აეხსნა, რატომ არის საჭირო ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვერ შევიმუშავეთ ენერგეტიკული მოდელი, თუ როგორ მიიღებს ერთი რიგითი ფერმერი, გლეხი და მოსახლე, რომელიც სადღაც ხეობაში ცხოვრობს, ამ ყველაფრიდან სიკეთეს და სარგებელს, როგორც მაგალითად იღებენ ნორვეგიაში. ვერ შევქმენით ეს სისტემა და ეს რჩება ქვეყნისთვის გამოწვევად. იმიტომ რომ როგორ შეიძლება იფიქროთ, რომ შვეიცარიელს და ნორვეგიელს ნაკლებად უყვარს თავისი ქვეყანა და ბუნება და მის დატბორვას არ შეეწინააღმდეგებოდა, ამის რისკი რომ იყოს. ჩვენთან ეს არ არის გააზრებული", - ამბობს "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები