მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დეფიციტია" - გიორგი გუდაბანძე

გიორგი გუდაბანძე

აგროკომპანია “მკისას” კომერციული დირექტორი, გიორგი გუდაბანძე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას აღნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დეფიციტი არ არის, თუმცა კერძო სექტორში გამოწვევები მაინც არსებობს.

გუდაბანძის თქმით, დონორი სააგენტოებისა და კომპანიებს დაფინანსების მოპოვების შემდეგ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბიზნესის სწორი მართვაა.

“ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების დეფიციტია. “მკისაც” მსგავსი პროგრამების ბენეფიციარია. აღნიშნული პროგრამები ეფექტიანია, როდესაც ამ ყველაფრის მართვა სწორად შეგიძლია: ის ავანსები, რომლებსაც კონკრეტული პროგრამების საშუალებით გასცემენ, სწორი მოლოდინებით უნდა განკარგო - ეს არის ყველაზე მთავარი. “მკისა” ამას წარმატებით ახერხებს”, - აცხადებს გიორგი გუდაბანძე.

“მკისას” კომერციული დირექტორი BMG-სთან აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმატება გარდაუვალია, თუ მეწარმეს საკუთარი კონკურენტუნარიანობის სწორი შეფასება შეუძლია.

“მთავარია, ინვესტიციის განხორციელებისას, რეალისტურად დაინახო სურათი იმისა, რაც გელოდება, ყოველგვარი ილუზიების გარეშე. როდესაც ამ მოლოდინებს კრიტიკულად ვუდგებით, ვიაზრებთ, სად შეგვიძლია პროდუქტის რეალიზება და, ყველაზე მთავარი, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ. ეს ყველაზე კრიტიკული წერტილია ნებისმიერ ბიზნესისთვის, იქნება ის სახელმწიფო პროგრამებით თუ კერძო ინვესტიციით დაწყებული. როდესაც კონკურენციას აფასებ, წარმატება გარდაუვალია”, - ამბობს “მკისას” კომერციული დირექტორი.

გამოწვევებზე საუბრისას, გიორგი გუდაბანძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სახელმწიფოსა და კერძო დონორების მიერ გაწეული ხარჯებისა, საქართველოს შესახებ ცნობადობა დაბალია, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ართულებს.

“სახელმწიფო სუბსიდირებით თუ დონორი ორგანიზაციების პროგრამებით უამრავი სახსრები იხარჯება საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენ მაღალი პროდუქტი ვაწარმოოთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება, რომ ჩვენს ქვეყანას უცხოეთში იცნობდნენ, როგორც პროდუქტის მწარმოებელს.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობის ზრდისთვის კარგი და ეფექტური ნაბიჯები იდგმება ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ამ პრობლემას მაინც ვხედავთ. საერთაშორისო გამოფენებზე უცხოელი დამთვალიერებლისგან უკუკავშირს გაკვირვებას ვიღებთ, გვეკითხებიან საქართველოში ნუში თუ იზრდება, ან ლურჯი მოცვი თუ მოგყავს - ეს უკვე პრობლემაა, რადგან ნდობა ქვეყნის, როგორც მწარმოებლის მიმართ, ძალიან დაბალია”, - აღნიშნავს “მკისას” კომერციული დირექტორი.

გუდაბანძის თქმით, ამ გამოწვევის გადასაჭრელად სახელმწიფო სააგენტოებისა და კერძო სექტორის, ისევე როგორც დონორი ორგანიზაციების, კოოპერაციაა საჭირო: “ამ მიმართულებით სწავლის პროცესში ვართ და მცირე პროგრესიც შეინიშნება”.

“მკისა” ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით, კერძოდ, ბოლნისში, წყალტუბოსა და ხობში ნუშისა და ლურჯი მოცვის ბაღებს ფლობს, გადამუშავებულ ნედლეულს კი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები