საქართველოში ნუშის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებს ახალი რეგულაციების დანერგვა მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „ნუშის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ (№618 დადგენილება), რომელიც ნუშის საექსპორტო ხარისხის კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს.
რეგლამენტით დგინდება, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილი ნუშის (გაუტეხავი, გული და ბლანშირებული) შესაბამისობის კონტროლი განხორციელდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ, სახელმწიფო კონტროლის დროს, ასევე თავად ბიზნესოპერატორის მიერ, შიდა საწარმოო კონტროლის ფარგლებში.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, ლევან ქვარიანი მიიჩნევს, რომ რეგლამენტის განახლების მიზანი საექსპორტო პროდუქციის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა და განსაკუთრებულ დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს ნუშის მწარმოებლებისთვის.
"ეს არის ცოტა ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც დაემატა და ემსახურება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საექსპორტოდ გაშვებული ნუში თანხვედრაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მოთხოვნები უკვე არსებობს თხილის ინდუსტრიაში. პირველადი რეგლამენტი, რაც ნუშის ინდუსტრიაში არსებობდა და 2021 წელს შემუშავდა, იყო უფრო მარტივი მოდელი, ახალი კი თითქმის იდენტურია თხილის განახლებული რეგლამენტისა. ახალი პროცედურების შესრულება მაინცდამაინც რთული არ არის, პარტიის მომზადებიდან 2-3 დღეა საჭირო, რომ ყველა დოკუმენტაცია წარადგინოთ. რომ ვთქვათ, რომ ეს ცვლილებები და ბიუროკრატია, რაც ემატება, მაინცდამაინც ძალიან დიდი დაბრკოლება იქნება, არ ვიქნებით სწორი. რა თქმა უნდა, ცოტა ართულებს ამ პროცესს, თუმცა არ არის ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ქართული ნუშის ექსპორტი შეაფერხოს", - განაცხადა ლევან ქვარიანმა.
ასოციაციის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ აკრედიტებული ლაბორატორიები, რომლებიც ნუშის მოსავალს შეამოწმებენ, ქვეყანაში სულ რამდენიმეა, თუმცა, მოსავლის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, არც ეს წარმოადგენს პრობლემას: "წლევანდელი მოსავლიდან გამომდინარე, მე პირადად არ მაქვს დიდი მოლოდინები, რომ საექსპორტო მიმართულებით ნუშის დიდი მოცულობები გვექნება".
„ნუშის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შესული ცვლილების თანახმად, აფლატოქსინების პრევენციის სავალდებულო მოთხოვნები 2028 წლამდე უნდა გადავადდეს.
ქვარიანი მიიჩნევს, რომ, განსხვავებით საექსპორტო ხარისხის კონტროლის მექანიზმის დანერგვისგან, აფლატოქსინის პრევენციის სავალდებულო მოთხოვნები სექტორს რეალურ პრობლემებს შეუქმნის. როგორც ის "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, აღნიშნული პრობლემა თავს ნუშში ისედაც ნაკლებად იჩენს, რის გამოც სექტორი, შესაძლოა, 2028 წლის რეგულაციებს მოუმზადებელი დახვდეს.
"თუ აფლატოქსინი არის ძალიან დიდი პრობლემა თხილის ინდუსტრიაში, ნუშში მაინცდამაინც ამხელა პრობლემა არ არის, აქამდე არც გვქონია. თხილს აქვს თავისი მიზეზები, ის რომ დასავლეთ საქართველო არის უფრო წვიმიანი, უფრო მეტი შანსია, აფლატოქსინით დაბინძურებული თხილი საექსპორტო ბაზრებზე მოხვდეს, თუმცა ნუშის მიმართულებით ეგრე არ არის. ნუშის შემთხვევაში ერთადერთი რისკი სექტემბრის თვეშია, თუ ძალიან გადაება წვიმიანი სეზონი, ნუში ვერ გამოშრა, მაგრამ ვიტყოდი, რომ ესეც უმნიშვნელოა. არც გვქონდა აქამდე შემთხვევა, რომ აფლატოქსინი დაგვიფიქსირდა საექსპორტო ნუშში.
რეგულაციები, რაც 2028 წლიდან ამოქმედდება, უკვე შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს ნუშის ინდუსტრიისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ის მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს. მაგალითად, მოთხოვნა იქნება, რომ ნუშის გულის შენახვის სივრცეში დავიცვათ ტენიანობის მაჩვენებელი ან ტემპერატურული კონტროლი 0-დან 10 გრადუსამდე, რაც უკვე მოითხოვს მაცივრის არსებობას, დამატებით ინვესტიციას. 2028 წელს რამდენად იქნება მზად ნუშის ინდუსტრია შეხვდეს ამ მოთხოვნებს, გამიჭირდება ამის თქმა. თხილის ინდუსტრია უკვე 20 წელზე მეტია დგას, ნუშის კი ახალი კულტურაა შესაძლებელი იყო, ცოტა მეტად გადავადებაც", - აღნიშნა ნუშისა და კაკლის ასოციაციის დირექტორმა.
ნუშის ექსპორტის სტანდარტები მკაცრდება - მთავრობამ რეგლამენტი განაახლა




























