მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ლილუაშვილმა რაღაც ბიზნესი "დაკრიშა" და ამიტომ დაიჭირეს"|ხიდაშელის ვერსია

თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პატიმრობას „დაუჯერებელ ამბავს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მის გარშემო არსებულ ინტრიგებზე მიუთითებს.

თინა ხიდაშელის შეფასებით, გრიგოლ ლილუაშვილის შემთხვევა პრინციპულად განსხვავდება ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობისგან, რადგან სუს-ის ყოფილი უფროსი ბიძინა ივანიშვილისთვის „სხვა კატეგორიის“ ადამიანი იყო - ისეთი, რომლის აზრსაც რეალურად ითვალისწინებდა.

„ლილუაშვილი ივანიშვილისთვის სანდო და ანგარიშგასაწევი ადამიანი იყო. ეს არის მთავარი, რაც განასხვავებდა ლილუაშვილს სხვებისგან - რაც განასხვავებს მას კახა კალაძისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან... ლილუაშვილი მისთვის იყო სანდო ადამიანი, რომელსაც რეალურად ეყრდნობოდა. მასთან დისკუსიები ჰქონდა, მასთან საუბრობდა თემებზე, მასთან ერთად იხილავდა სხვადასხვა საკითხს“, - აღნიშნა მან.

სწორედ ამიტომაც, თინა ხიდაშელი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ლილუაშვილი რაიმე რიგითი დანაშაულის გამო დაისაჯა.

„ლილუაშვილმა რაღაცა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, სადღაც რაღაცა ბიზნესი „დაკრიშა“ და ამიტომ დაიჭირეს - ამას ვერასოდეს ვერ დავიჯერებ. ეს არის უბრალოდ გამორიცხული“, - ამბობს ის.

ყოფილი მინისტრის ვერსიით, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების ერთადერთი ლოგიკური ახსნა ბიძინა ივანიშვილის პარანოია და მის გარემოცვაში არსებული დაპირისპირებაა.

„გრიგოლ ლილუაშვილის პატიმრობა ჩემთვის არის ყველაზე უფრო დიდი დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულად კონსპირაციის თეორიების გავლენის ქვეშ არის; სხვა ვერაფრით ვერ ვხსნი ლილუაშვილის დაპატიმრებას, გარდა იმისა, რომ რაღაცა სუპერ გრანდიოზული ტყუილი დააჯერეს ლილუაშვილთან დაკავშირებით... ივანიშვილი არის სრულად, 00%-ით მსხვერპლი, მის მიერვე მოგონილი და მის მიერვე შექმნილი რაღაც დიდი, მსოფლიო კონსპირაციის... ამას მას მუდმივად უღვივებენ, ცეცხლს უკეთებენ ყოველდღიურად“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

ექს-მინისტრის ვარაუდითვე, ლილუაშვილისა და ივანიშვილის „მეგობრობა და სანდო ურთიერთობა“ შემაწუხებელი აღმოჩნდა სხვა გავლენიანი ჯგუფებისთვის.

„როგორც ჩანს, ლილუაშვილიც იმ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, რომელზედაც ის [ივანიშვილი] დარწმუნდა, სხვადასხვა მოწადინების შედეგად, რომ მის წინააღმდეგ მოქმედებდა. სხვა არცერთ შემთხვევაში ის ლილუაშვილს არ დააჭერდა“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ყოფილი პრემიერის დაპატიმრებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნა მისთვის სიმბოლური დატვირთვის მატარებელი არ არის, რადგან ივანიშვილი სერიოზულ ფიგურად მას არასოდეს აღიქვამდა.

„ღარიბაშვილის დაჭერა არ არის ჩემთვის სანიმუშო პატიმრობა, იმიტომ რომ ღარიბაშვილი არავისთვის და არაფრისთვის სანიმუშო არ არის. ყველამ ძალიან კარგად იცოდა „ქართულ ოცნებაში“, რომ ღარიბაშვილი იყო ის, რაც მას ივანიშვილმა დაარქვა იმ ცნობილ ინტერვიუში - „რაც გინდათ, ის დაარქვითო“. ის სულ მუდმივად რაღაც დამცირების, შეურაცხყოფის, განადგურების რეჟიმში ჰყავდა, იმიტომ რომ მისთვის არაფერს არ წარმოადგენდა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები