მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილი კალაძესაც აუცილებლად დაიჭერს"|ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძესაც დაიჭერს, როგორც კი თბილისში საპროტესტო მუხტი შესუსტდება და დედაქალაქის „დაკარგვის“ შიში გაქრება. „დღეს, კახა კალაძემ შეიძლება მხოლოდ იმით დაიცვას თავი, რომ ის იმ ქალაქის მერია, სადაც ბიძინა ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნების ამ წუთს ეშინია“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

- სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პატიმარია. ციხეშია ორგზის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. რით შეიძლება თავი დაიცვას კახა კალაძემ? სხვათა შორის, ხშირად გვესმის ოპოზიციის ლიდერებისა და ანალიტიკოსებისგან, რომ თუ „ქართული ოცნება“ კორუფციას მართლა ებრძვის, კახა კალაძე დღეს გარეთ არ უნდა იყოს...

- მე არ ვიტყვი იმას, რომ კახა კალაძე ყველაზე კორუმპირებულია და ამიტომ უნდა იჯდეს პირველი ციხეში - ამის სათქმელად კონკრეტული მიზეზი არ მაქვს, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი: ისევე, როგორც ერთი წლის წინ ვიცოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს აუცილებლად დაიჭერდა; ასე ზუსტად ვიცი, რომ კახა კალაძესაც აუცილებლად დაიჭერს. ეს მოხდება იმ დღეს, იმ მომენტში და იმ წამს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდება რწმენა, რომ თბილისი მისთვის აღარ არის საშიში. დღეს კახა კალაძის გადარჩენის მთავარი მიზეზი ჩვენ ვართ - ის ხალხი, ვინც ამ ქალაქში მყარად ვდგავართ საპროტესტო მოძრაობაში. სწორედ ჩვენი არსებობის გამო აქვს ივანიშვილს თეორიული შიში, რომ [არჩევნების შემთხვევაში] შეიძლება თბილისი წააგოს, ამის დაშვება კი მას არ სურს. ამიტომ ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე, კახა კალაძეს შეუძლია მომდევნო ოთხი წელი მშვიდად იყოს. ბიძინა ივანიშვილი ამ სიმშვიდეს მხოლოდ იმიტომ არ დაარღვევს, რომ კახა კალაძის დაჭერა უნდა, რადგან ამისთვის გადასახდელი ფასი (თბილისის დაკარგვის რისკი) გაცილებით მაღალია.

- შეიძლება, დღეს, კახა კალაძესთან პრეტენზიები არც აქვს...

- [ბიძინა ივანიშვილს] კახა კალაძესთან ყოველთვის ჰქონდა პრეტენზიები. კახა კალაძე იყო ის ერთადერთი პოლიტიკოსი „ქართულ ოცნებაში“, რომელიც, განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისგან, გრიგოლ ლილუაშვილისგან და ბევრი იმ ადამიანისგან, რომელიც მან მოიძულა ან საპატიმროში ჰყავს, თვალში მაინცდამაინც არასოდეს მოსდიოდა; ამიტომ ბიძინა ივანიშვილი მას ძალიან მარტივად შეელევა. უბრალოდ, კახა კალაძე ამ წუთს თავის გადარჩენისთვის ძალიან სწორ ადგილზეა. კახა კალაძეს შემიძლია დარწმუნებით ვუთხრა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილზე ვიყავი დარწმუნებული, რომ ივანიშვილი აუცილებლად დაიჭერს, უბრალოდ მას ახლა აქვს სერიოზული დაცვის ზღუდე იმით, რომ ის არის პროტესტში მყოფი ქალაქის მერი.

- კიდევ ვის ელის ციხეში წასვლა?

ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის პატიმრობის პირობებში, ვფიქრობ, ამ კითხვას რამე სერიოზული შემადგენელი პასუხში აღარ აქვს, რადგან მთავარი რუბიკონი გადალახულია - ყველაზე სანდო პირი [გრიგოლ ლილუაშვილი] ციხეშია და ქვეყნის ორგზის პრემიერი, როგორი აზრისაც არ უნდა ვიყოთ მასზე, ციხეშია. ამის იქით, სტატისტიკაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები