მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერავინ შეძლებს ელექტროენერგიის ბიზნესში ზემოგების მიღებას” - ზურაბ ნოღაიდელის ბლოგი

607bf10cacc1a
ზურაბ ნოღაიდელი, "ელ გრინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
18.04.21 12:26
4826
ჩემს ახალ პოზიციაზე

2015 წელს, როდესაც კომპანია “ელ გრინი” დაფუძნდა, ჩვენი მთავარი ფუნქცია ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობა იყო, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში გამოიხატებოდა. მას შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებამ იმატა და სადღეისოდ კომპანიის მთავარი ბიზნესმიმართულება უკვე საქართველოში ენერგიის იმპორტის ფუნქციაა. თუმცა, სატრანზიტო მიმართულება კვლავ აქტუალურია და იმედი გვაქვს, რომ ივნის-ივლისიდან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ტრანზიტს ისევ განვაახლებთ.

პანდემიამდელ პერიოდში ელექტროენერგიის მეტი იმპორტის საჭიროება მოხმარების ზრდამ წარმოშვა, რაც, ბუნებრივია, გამოიწვია ეკონომიკურმა განვითარებამ. ეს ორი ფაქტორი - ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა და ეკონომიკური ზრდა, პირდაპირპროპორციული მოცემულობებია. ის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, უნდა განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ დადებით კონტექსტში. ხოლო ის, რომ საქართველოს გენერაციის შესაძლებლობები არ დახვდა მომზადებული ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, ეს უკვე ცალკე საკითხია. დასანანია და, შესაბამისად, ფაქტია, რომ გაზრდილი მოხმარების დაბალანსება ქვეყანას უხდება გაზრდილი იმპორტის ხარჯზე.

მე კომპანია "ელ გრინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ.

მოსაზრებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის გამოწვევებზე

მოკლევადიანი პრობლემა არის ის, რომ ენგურჰესი გაჩერებულია და აპრილის ბოლომდე გაჩერებული იქნება. შესაბამისად, წელს საქართველოს ელექტროენერგიის ბევრად მეტი იმპორტი დასჭირდა. ეს მხოლოდ ერთჯერადი, წლევანდელი ფაქტორია. მომავალ წელს ენგურჰესი მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს და, შესაბამისად, ჩვენ ჭარბი იმპორტის საჭიროების წინაშე აღარ ვიქნებით. თუმცა, ენგურჰესის საკითხს თან სდევს მეორე ფაქტორიც - ეს არის ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გენერაციის განაწილება დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის. არსებობს შეთანხმება განაწილების თაობაზე პრინციპით - 60/40 (სადაც 40% აფხაზებს უნდა მივაწოდოთ), მაგრამ იმ პირობებში, როცა გამომუშავება მაქსიმუმ 4,1 მლრდ კილოვატსაათი იქნება, ნავარაუდევია, რომ მომდევნო ენერგეტიკულ წელიწადში (მაისიდან მაისამდე) დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარება 3 მლრდ კილოვატსაათს გადააჭარბებს. ეს კი 40%-ზე გაცილებით მეტია. აფხაზეთის ასე გაზრდილი მოხმარება (არასრული 200-ათასიანი მოსახლეობა ლამის 1,5-მილიონიანი თბილისის მოცულობით მოიხმარს ელექტროენერგიას) იქ რუსეთიდან შესული კრიპტოვალუტის მობილური მაინინგ ფერმების დიდ კონცენტრაციას უკავშირდება. ისინი სარგებლობენ ამ ფაქტობრივად უფასო ელექტროენერგიით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ეკონომიკის გადასახდელი ნამდვილად არ არის და არ უნდა იყოს. ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გენერაციის განაწილება, ენგურჰესის რემონტის შემდგომ, ექსპლუატაციაში შესვლის დღიდანვე, არ გაცდეს 60/40-ის პრინციპს. ამ პრინციპის დაცვა ჩვენ მოგვცემს იმას, რომ საქართველოს ზამთრის პერიოდში დასჭირდება 1,2 მლრდ კილოვატსაათის იმპორტი (რაც, შეიძლება, თავისთავად დიდი მოცულობაა), ნაცვლად 2,5 მლრდ კილოვატსაათისა, რაც უკვე ყოველგვარ გონივრულ ზღვარს სცდება.

კიდევ ერთი გამოწვევა, რაც განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და საქართველოს პერსპექტივებს და, რაც უნდა განვიხილოთ დადებით კონტექსტში, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი მეზობლების შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები სწორ და დადებით კონტექსტში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული.

საქართველოს ოთხივე მეზობელთან მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელები აკავშირებს. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოოთ ელექტროენერგიის გაცვლა. ასეთი მყარი კავშირებით ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. ამიტომ, საქართველომ და ჩვენმა მეზობლებმა ეს უპირატესობები ურთიერთსასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

მაგალითად, აზერბაიჯანს აქვს საბაზო ელექტროენერგიის მიღების ჭარბი შესაძლებლობები. ჩვენზე ბევრად უკეთესი, ჩვენზე ბევრად უფრო იაფი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პიკური საათების და ზაფხულის ელექტროენერგიის უფრო უკეთესი შესაძლებლობები. საქართვვლოს ენერგეტიკა კავკასიის რეგიონის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს, როდესაც ეს ჩვენი უპირატესობები - ზაფხულის და პიკის საათების ჭარბი ელექტროენერგია გაიცვლება საბაზო და ზამთრის პერიოდის ელექტროენერგიაზე, მაგალითად იგივე აზერბაიჯანთან, თუმცა, შესაძლებელია ეს მოხდეს სხვა მეზობლებთანაც. ამ შემთხვევაში, ჩვენი ენერგოსექტორი, რომელიც დღესაც საკმაოდ ეფექტურია, მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იქნება.

ადგილობრივი გენერაციის პრობლემები:

რატომ შეიქმნა გენერაციის პრობლემა და რატომ ვერ ხერხდება მოხმარების დაბალანსება შიდა გენერაციის მეშვეობით? ამ კითხვაზე პასუხი მიგვიყვანს პრობლემის გადაწყვეტის გზასთან. თავდაპირველად, ენერგეტიკაში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გარანტირებული შესყიდვის თაობაზე მემორანდუმები გაფორმდა დაახლოებით 17 მლრდ კილოვატსაათის რაოდენობაზე. ამდენი ელექტროენერგია საქართველოს უახლოეს მომავალში ნამდვილად არ სჭირდებოდა და ეს ე.წ პირობითი ვალდებულებები, ცხადია, საკმაო შეშფოთებას იწვევდა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ფინანსური პარტნიორისთვის, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის.

საქართველოს ეკონიმიკის, მათ შორის, ენერგეტიკის განვითარებისთვის უახლოესი წლების მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ მოხმარება გენერაციის საკუთარი წყაროებით დაბალანსდეს. აქ საუბარი, ცხადია განახლებადი ენერგიის წყაროებზე, მათ შორის, პირველ რიგში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებულ ენერგიაზეა. რა თქმა უნდა, მზის და ქარის ენერგიის გენერაცია ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჰიდროენერგეტიკა აქ წინა პლანზეა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ამ ამოცანის ეკონომიკური და სოციალური მდგენელების მნიშვნელობა.

ცხადია, ორი აზრი არ არის, რომ ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, დიდი, საშუალო თუ მცირე, უნდა აშენდეს ტექნიკურად, სოციალურად და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სწორად. მაგრამ ხელაღებით იმის თქმა, რომ ჰესების მშენებლობა არ გვინდა - არის არასწორი მიდგომა და ამაზე მთავრობამ უნდა მისცეს მკაფიო განმარტება საზოგადოებას. არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ უნდა განხორციელდეს, რომლის ახსნაც ჩვენ არ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია იმის ახსნა, მათ შორის დეტალურად, თუ რატომ სჭირდება საქართველოს ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური, მაგალითისთვის ავიღოთ, თუ გნებავთ ნამახვანჰესი. უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგია 1 მლრდ კილოვატსაათ იმპორტთან შედარებით საქართველოს ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის. კერძოდ, 1 მლრდ კილოვატსაათის იმპორტი ნიშნავს 50 მლნ აშშ დოლარის გასვლას ჩვენი ეკონომიკიდან, ხოლო 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგიის წარმოება ნიშნავს პლუს 50 მლნ აშშ დოლარს ჩვენს ეკონომიკაში. ანუ, 1 მილიარდი კილოვატსაათის წარმოება ეკონომიკისთვის პლუს 100 მლნ აშშ დოლარია. ეს პლუსი, გადანაწილების ეფექტით, უნდა აისახოს ყველა ჩვენს თანამემამულეზე.

ამავე დროს, წყლის რესურსს ჩვენ არ უნდა შევხედოთ როგორც მხოლოდ კილოვატსაათების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს. ეს პირველ რიგში, სწორედ წყლის რესურსია, რომელიც სასიცოცხლო რესურსია და ის უნდა ავითვისოთ სწორად, გარემოზე მაქსიმალურად ნაკლები ზიანის მიყენებით და იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ქვეყნის ენერგეტიკის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.

ისიც უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმილი 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 40%-ის შემოსავლები მოიმატებს, 60%-ისა კი პირიქით, შემცირდება. ეს თავისთავად გამოიწვევს ამ 60%-ის გარკვეული ნაწილის, დაახლოებით 1 %-ის შრომით მიგრაციას საზღვარგარეთ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას დამატებით ექმნება და ეზრდება სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები, თუ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ მივაღწიეთ მინიმუმ 10%-იან ზრდას.

აქ, ამ საქმეში, ენერგეტიკა, თუკი სწორი გადაწყვეტილებები ჩამოყალიბდება და აღსრულდება, გადამწყვეტ როლს ითამაშებს. სწორება უნდ აიყოს იმაზე, რომ ენერგიის მოხმარების ზრდა საკუთარი გენერაციით დაბალანსდეს. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, არ უნდა მოვერიდოთ არც იმპორტს და ელექტროენერგიის სეზონურ და პიკურ პერიოდებში გაცვლის შესაძლებლობებს, როცა მივიღებთ ენერგიას ზამთარში და დავაბრუნებთ ზაფხულში, როცა ჭარბი გენერაცია გვაქვს. ვფიქრობ ეს არის როგორც საქართველოს ენერგეტიკის, ისე ეკონომიკის განვითარების მთავარი მოდელი.

ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის ფასები

ენერგოუსაფრთხოებას 2 კომპონენტი აქვს - პირველი ეს არის, რომ ქვეყანას ენერგიის მიღება შეუძლია უკლებლივ ყველა მეზობლიდან და აქედან გამომდინარე, საქართველოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა არ ემუქრება. მაგალითად, სულ ახლახანს მარტში, ენგური რემონტზე გაჩერებული იყო, გაზის მოწოდებაში იყო შეფერხებები, მაგრამ ქვეყანას ენერგიის ნაკლებობა არ უგრძვნია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმავდროულად, ელექტროენერგიის იმპორტირებისას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ მეზობელზე სრულად არ ვართ დამოკიდებული.

უსაფრთხოების მეორე კომპონენტი თავიდან ბოლომდე კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ის რომ, იმპორტი დივერსიფიცირებული გვაქვს და ეფექტურ ფასებში ვიღებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ამით პრობლემები მოგვარებული გვაქვს.
კარგია ის, რომ საქართველოს ენერგოსისტემა რეგიონში ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა, მათ შორის, რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ თბილისელი და მოსკოველი, მაგალითად, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოხმარების 7% საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიაა, არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც, თავის მხრივ, იმპორტირებული გაზით მარაგდება. ამ ყველაფერს აბალანსებს შედარებით იაფი ჰიდრორესურსი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი ნედლეული მთლიანად თავისი აქვს და გაცილებით იაფი რესურსით აწარმოებს დენს და ერთი შეხედვით, მისი ღირებულება რუსი მომხმარებლისთვის ჩვენსაზე გაცილებით იაფი უნდა იყოს, სინამდვილეში ეს ასე არ არის. მაშინ რის ხარჯზე მიიღწევა ელექტროენერგიის ფასთა თანაბრობა? პასუხი ჩვენი სისტემის გამართულობასა და მდგრადობაშია. ჩვენთან გამომუშავებულ და იმპორტირებულ ენერგიას სისტემა პრაქტიკულად 100%-ით აწვდის მომხმარებელს. მხოლოდ მცირე ტექნიკურ დანაკარგს აქვს ადგილი. მაშინ როცა, რუსეთში კომერციული ელექტროენერგიის მხოლოდ 65% მიდის მომხმარებლამდე. დანარჩენი 35 % დანაკარგია. სისტემის ეს ეფექტურობა, ეს უპირატესობა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მის მდგრადობას არაფერი დაემუქროს. სისტემის ამ მდგრადობას უზრუნველყოფს სწორედ ის რამდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელთა წყალსაცავების წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ზუსტად იმდენი ელექტროენერგია, რამდენიც ამა თუ იმ მომენტში გვჭირდება. იგივე რუსეთის სისტემას რომ შევადაროთ, იქ, იმისთვის, რომ მომხმარებელს მიაწოდონ, მისთვის საჭირო, მაგალითად, 650 მეგავატი, უნდა აწარმოონ მინიმუმ 1000 მეგავატი, მაშინ როცა ჩვენთან გამომუშავებული 1000 მეგავატი 1000 მეგავატის სახით ეფექტურად მიეწოდება მომხმარებელს.

ბუნებრივია, მომავალშიც, თუ ჩვენი მიზანი იქნება, და ასეც უნდა იყოს, იგივე ეფექტურობის შენარჩუნება, აუცილებლად გვჭირდება მსხვილი და ამავდროულად მარეგულირებელი, ჰიდროელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება.
რა თქმა უნდა, საქართველოში უნდა აშენდეს რაც შეიძლება მეტი ქარისა და მზის ელექტროსადგური, მაგრამ ეფექტურობის შესანაჩუნებლად, აუცილებელია მარეგულირებელი ჰიდროსადგურების განვითარება. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ და დააბალანსონ გაზრდილი მოთხოვნის ეფექტურად და უდანაკარგოდ დაკმაყოფილების ამოცანა. სხვათა შორის, ამაზეა დამოკიდებული, ასევე, ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფის მოცულობაც.

ელექტროენერგეტიკა - ტექნიკური დარგი თუ ბიზნესი, თუ ორივე ერთად

ელექტროენერგეტიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი. ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის კომპონენტი. ცხადია, აქაც განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა. ბაზარი, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდება. ენერგეტიკის ბირჟის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, კონკურენცია დაიწყება, არა მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტისას, არამედ ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესშიც. უახლოეს მომავალში, ივლისიდან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და ე.წ „დეი ჰედ მარკეტი“ - „ერთი დღით ადრე ბაზარი“ შეიქმნება. ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია.

თუმცა, ჩვენ ცოტა სიფრთხილე მაინც გვმართებს, რადგან საქართველოს ენერგოსისტემა ჯერ კიდევ დეფიციტურია და რამდენად იქნება ეს ბაზარი ფინანსური თვალსაზრისით ეფექტური მყიდველებისთვის, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ეს საკითხი არ ეხება მოსახლეობისთვის საჭირო ელექტროენერგიას. აქ საუბარია პირდაპირ მომხმარებლებზე, საწარმოებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იგივე დასაქმებისა თუ სამუშაო ადგილების დამატებით შექმნის კუთხით და პროდუქციაზე ფასების სტაბილურობის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ბირჟის ამოქმედება, ზემოაღნიშნული გარკვეული რისკების მიუხედავად, ცალსახად სწორი ნაბიჯია. ეს ნაბიჯი გაამართლებს და ამის იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩვენ ზამთრის, ანუ დეფიციტურ პირობებშიც კი ელექტროენერგიის მიღება 4 სხვადასხვა წყაროდან შეგვიძლია. ანუ, აქაც კონკურენცია განსაზღვრავს ყველაფერს და ეს იძლევა სიმშვიდის საშუალებას და იმის განცდას, რომ პირდაპირი მომხმარებლები ბირჟის მეშვეობით, დროის ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში, ყველაზე კონკურენტუნარიან ფასად შეიძენენ ელექტროენერგიას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ვერავინ შეძლებს ამ ბიზნესში ზემოგების მიღებას, ვერავინ შეძლებს ელექტროენერგიის მონოპოლისტურ ან თუნდაც ოდნავ მაინც ზედმეტ ფასად გაყიდვასაც კი. ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ამ ეტაპს, ვფიქრობ, ბაზრის ფიგურანტები, საკმაოდ მშვიდად შევხვდებით, გადავიტანთ, შევეგუებით და მოხერხებულად და წარმატებითაც ვიოპერირებთ.

უკვე იმ ფაქტმა, რომ ოთხივე მეზობლისგან არის შესაძლებელი ელექტროენერგიის შემოტანა, შეამცირა იმპორტის ფასები. შესაბამისად, გაზრდილი კონკურენცია, რასაც უდაოდ უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბირჟის ამუშავება, კიდევ უფრო მეტ სარგებელს და განვითარებას მოიტანს ამ ბაზარზე.

2015 წლამდე ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე მონოპოლისტი იყო რუსეთი. ეს ვითარება იყო მანამ, სანამ, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი კომპანია არ გამოჩნდა ბაზარზე და შევიდა კონკურენციაში. აღვნიშნე კიდეც, „ელ გრინის“ მისია და მიზანი იმთავითვე არ ყოფილა საქართველოს ბაზარზე ელექტროენერგიის იმპორტირება, - ჩვენ აზერბაიჯანული ენერგიის თურქეთში ტრანზიტის მიმართულებით ვოპერირებდით. მაშინ თურქულ ბაზარზე რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ფასები იყო, მაგრამ შემდგომში პანდემიამ ეს ვითარება შეცვალა და „ელ გრინისთვის“ აზერბაიჯანის ელექტრონერგიის ქართულ ბაზარზე იმპორტირება, ასევე საინტერესო გახდა. როგორც კი კონკურენცია შედგა რუსულ და აზერბაიჯანულ წყაროებს შორის, იმპორტის მაშინდელი ფასი 7,8 ცენტიდან 5 ცენტამდე შემცირდა. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა სიკეთე მოაქვს ჯანსაღ კონკურენციას.

ამას დაემატა ის შესაძლებლობაც, რომ თებერვალ-მარტის პერიოდში, როცა რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოტანა, რეჟიმული თვალსაზრისით, ზვავსაშიშროების გამო, ძალიან რთულია და სარისკოა, საქართველოს ბაზარზე ალტერნატივად, როგორც ფასის, ისე უწყვეტი მოწოდების თვალსაზრისით, გამოუჩნდა ისევ აზერბაიჯანული წყარო. ბუნებრივია, მეტი ენერგიის უსაფრთხოდ იმპორტის საჭიროებამ, უკვე აზერბაიჯანი გახადა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი.

კონკურენციამ, როგორც აღვნიშნე, ფასებიც დაასტაბილურა. შემდეგ უკვე, როცა ფასებმა თურქეთშიც იკლო, აზრი მიეცა თურქეთიდანაც იმპორტის განხორციელებას. ტექნიკურად იმპორტი სომხეთიდანაც არის შესაძლებელი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის იქაური იმპორტიორებისთვის.

კიდევ გავიმეორებ: საქართველოში ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის თვალსაზრისით შეიქმნა კონკურენცია და ამან განსაზღვრა კიდეც იმპორტის რეალური საბაზრო ფასი. მე, როგორც კომპანია „ელ გრინის“ წარმომადგენელს, შემიძლია სიამაყით იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში და ფასების დასტაბილურებაში ჩვენმა კომპანიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა

დეფიციტურ თვეებში სხვადასხვა წყაროებიდან იმპორტისა და საკუთარი ჭარბი გენერაციის პირობებში ოთხივე მოსაზღვრე ქვეყანაში ექსპორტის შესაძლებლობა, ჩვენ უნიკალურ პოზიციას განსაზღვრავს რეგიონში. მაისში იგეგმება აზერბაიჯანთან ერთად ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება: სამხრეთ კავკასიის პირობითი, ვირტუალური, ერთიანი ენერგოსისტემის შექმნა, როცა აზერბაიჯანის ძლიერი მხარეები, ანუ საბაზო და ზამთრის ელექტროენერგია და საქართველოს ძლიერი მხარეები, პიკური საათების და ზაფხულის ელექტროენერგია ერთმანეთში გაიცვლება და ეს ორი ენერგოსისტემა კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს ფუნქციობას.

ეს შესაძლებელია, სულაც ნულოვანი გადადინების რეჟიმში განხორციელდეს, როცა იმდენივე ენერგია გადავა, რამდენიც გადმოვიდა, და პირიქით. ეს ექსპერიმენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საიმისოდ, რომ შემდგომში ამ ორი ენერგოსისტემის ძლიერი მხარეების სწორად და ეფექტურად გამოყენება მოხერხდეს და პრაქტიკულად შეიქმნას, მართალია, არა ტექნიკურად ერთიანი, არამედ ვირტულაურად ერთიანი ენერგოსისტემა, რომელიც ორივე ქვეყნის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. ეს არის, ჩემი აზრით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული სტრუქტურული ამოცანაა.

ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება

ელექტროენერგეტიკული ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და ეს ეხება როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელებს, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას. ეს არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობები უფრო მეტი იყოს. შეიძლება ითქვას, რომ რაც აქამდე გაკეთდა, იყო აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მომავალი ამოცანებისთვის ეს საკმარისი ვერ იქნება.

მაგალითად, „მესხეთი 400“ -ის ხაზი შეერთებულია ბორჩხის ქვესადგურთან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, ტექნიკური თვალსაზრისით, ჩიხს წარმოადგენს და იქედან ელექტროენერგიის გატანა დანარჩენ თურქეთში არის შეუძლებელი. ამიტომ, ის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შემაერთებელი ხაზის მშენებლობას ტორტუმის ქვესადგურთან, რომელიც არ იქნება ასეთი ჩიხური, არის სასწრაფოდ და გადაუდებლად განსახორციელებელი. ამით ჩვენ თურქეთთან ტრანზიტის საშუალებას პრაქტიკულად გავზრდით.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში ნებისმიერი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის სადგური, ნიშნავს ზაფხულის ენერგიის კიდევ უფრო მეტ გამომუშავებას. შესაბამისად, ეს პროფიციტი სადღაც უნდა წავიდეს და ეს სადღაც, პირველ რიგში, არის სწორედ თურქეთის ბაზარი, სადაც პანდემიის გადავლის კვალდაკვალ, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აუცილებლად რადიკალურად გაიზრდება. ამდენად, თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

ასევე ბევრად უფრო მყარი ენერგოკავშირია დასამყარებელი სომხეთთანაც, რომელთანაც მხოლოდ 220-კილოვოლტიანი კავშირი გვაქვს. რამდენადაც ვიცი, ამ ხაზის გაძლიერება არის კიდეც გეგმაში, თუმცა, მისი საჭიროება სომხეთის ენერგოსისტემისთვის უფრო საშურია, ვიდრე ჩვენთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთიდან ახალი 500-კილოვოლტიანი კავშირის პროექტი - მოზდოკი - ქსანს ვგულისხმობ. მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსები ადგილიდან არ იძვრიან. როგორც ჩანს, ისინი ამ პროექტში საკმაო კომერციულ ინტერესს ვერ ხედავენ. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს პროექტიც ასევე აუცილებლად განსახორციელებელია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ ისედაც ყველაზე მყარი კავშირი აქვს საქართველოს. გვაქვს 500-კილოვოლტიანი უმყარესი კავშირი, რომელიც პრაქტიკულად ურისკო რელიეფზე გადის. არის კიდევ ერთი 330-კილოვოლტიანი კავშირი და კიდევ ერთი 330-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრამდეა მოყვანილი და ჩვენს მხარეს 18 კილომეტრიანი მონაკვეთი აქვს დასასრულებელი, რომ ეს ხაზიც გარდაბნის ქვესადგურს შეუერთდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან შეგვეძლება თითქმის 1500 მეგავატი სიმძლავრის გაცვლა.

მესმის, რომ ეს ყველა მიმართულება დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მესმის ისიც, რომ ტარიფზეც, დიდი ალბათობით, ამ ინვესტიციებს გავლენა ექნება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უფასო არაფერი არის. ამ შემთხვევაში, არჩევანი თვალსაჩინოდ მკაფიოა: რა გვირჩევნია? მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც კეთილდღეობა უნდა გაზარდოს ქვეყანაში და თითოეულ მოქალაქესა თუ ოჯახზე უნდა აისახოს, თუ ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფის შენარჩუნება, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას და, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების შეფერხებას გამოიწვევს? ცხადია, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც ბალანსი საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ამოცანებიც სწორად უნდა გვესმოდეს.

საქართველოს ენერგოსექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი, თუ ყველაზე მთავარი არა, ფაქტორი. აქ მცირე პროექტებით, ისეთი პროექტებით, რომლებიც ისედაც თავისთავად ხორციელდება, ჩვენ ფონს ვერ გავალთ. ჩვენ გვჭირდება მსხვილი პროექტები და სწრაფი განვითარება.


ბლოგის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები