საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, უმნიშვნელოვანესია თითოეულმა მოქალაქემ ირწმუნოს თავისი ძალის და კარგად გაიაზროს, რომ ხელისუფლებას ქირაობს ხალხი.
ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში მოქალაქეების როლზე გიორგი ქადაგიძემ გადაცემა „რედაქტ2“-ში ისაუბრა.
მისი შეფასებით, დღეს საქართველოს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას - ერთი მხრივ, ასე ახლოს სანუკვარ ოცნებასთან არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და ქცევები საფრთხეს უქმნიან ევროპასთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებას.
„შეიძლება ხალხი დაღლილია, მოსახლეობაში გარკვეუწლილად არის ნიჰილიზმი და პესიმიზმი, მაგრამ ნურავის იფიქრებს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები შეეგუებიან იმას, რომ დავსხდებით და გავატარებთ, როგორ ვრჩებით ფარდის უკან, სადაც არის უმუშევრობა, გაჭირვება და ყოველი მეორე ადამიანი საქართველოდან გაქცევას ცდილობს. პირველ რიგში, ხალხმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება არის ჩვენი დაქირავებული. ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და თუ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გვქონდეს ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ვერ უნდა გვიბედავდეს ისე მოქცევას, როგორც იქცევიან დღეს. რეზოლუციები, რომლებიც ამ დღეებში ევროპარლამენტში მიიღეს, ესაა გზა იანუკოვიჩიზაციისკენ, ბელარუსის დიქტატორული რეჟიმისკენ და ჩვენ გადავიქეცით ყველაზე მაჩანჩალა ევროპულ ქვეყნად, საიდანაც გაქცევაა გამოსავალი. ყოველდღიურად გვესმის, როგორ ტოვებენ მოქალაქეები ქვეყანას - ზოგი ევროპაში მიდის, ზოგი მექსიკის გავლით აშშ-ში. ეს უნდა დასრულდეს და რომ დასრულდეს ადამიანებმა უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალის. ვერცერთი მთავრობა ვერ უნდა ბედავდეს ასეთ თავხედობას, რომლის მომსწრეებიც ყოველდღიურად ვართ“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
მისივე თქმით, ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა ცალსახად გაგვიხსნა უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის წინააღმდეგ და უპრეცედენტოდ გაერთიანებულმა ევროპამ, ამიტომ ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ.
„ყოველთვის, როდესაც დავდიოდით დასავლურ ქვეყნებში და ვცდილობდით საქართველოს პოზიციონირება გაგვეკეთებინა, რომ ეს არის სამხრეთის კარიბჭე რუსეთის გვერდის ავლით, ყლველთვის უზარმაზრი წინააღმდეგობა გვხვდებოდა, რადგან რუსეთთან იყო გადატვირთვის პოლიტიკა, რუსეთს უფრთიხლდებოდნენ და ა.შ. დღეს კი, ჩვენს კარებთან მოვიდა ეს შანსი. ეს არაა ცარიელი სიტყვები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნიშნავს უზარმაზარ ინვესტიციებს, ევროპულ კაპიტალს ქვეყანაში, დასაქმებას და ეს შანსი არ უნდა გავუშვათ. ახლა საქართვლოს ყველა რეგიონში უნდა მიდიოდეს გამალებული მუშაობა - შენდებოდეს ახალი ესტაკადები, რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს, გაძლიერდეს საპორტო ინფრასტრუქტურა, ანაკლიის პორტის პროექტი უნდა დაიძრას და ამ პროცესს უნდა გრძნობდნენ საქართველოს ყველა ოჯახში.
ამდენად, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შანსი და ამავე დროს დიდი საფრთხე, რომ როდესაც ახალი ფარდა ეშვება ევროპაში, არ აღმოვჩნდეთ ფარდის მიღმა რუსეთთან, ბელარუსთან და სირიასთან ერთად პოლიტიკურად სამარცხვინო ოჯახში. ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ბოლო წერტილი, სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველოს არაფორმალური მმართველის, სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებლისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენ მოუწოდებს ეროპარლამენტი პარტნიორებს, თან რა მიზეზით - ოპონენტების პოლიტიკური დევნა და კრემლთან სიახლოვე. ეს არის ჩრდილის მიყენება ყველა იმ თაობისთვის, რომელის იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.




























