ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია (ელექტრონული ვერსია) 1 წლის ვადით ინახება. ამის შესახებ BMG-ის ცესკო-ში განუცხადეს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, ეს ვადა ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ნომენკლატურიდან გამომდინარეობს.
"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით არის დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურა.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია (ელექტრონული ვერსია) 1 წლის ვადით ინახება", - უთხრეს BMG-ის ცესკოში.
რაც შეეხება ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს, ცესკოში განმარტავენ, რომ დოკუმენტაციის განადგურება თვითნებურად ვერ მოხდება და შესაბამის წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოთხოვის შემთხვევაში მოგვეწოდება.
"ეროვნული არქივის დადასტურების გარეშე ნომეკლატურაში ცვლილება ვერ შევა, თვითნებურად ვერ მოხდება ასევე დოკუმენტაციის განადგურება. ყველაფერს აქვს თავისი ვადა და წესი და ეს ინფორმაცია შეიძლება გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესით და გაგეცემათ პასუხი"- უთხრეს BMG-ის ცესკო-ში.
ამომრჩეველთა ელექტრონული სიის შენახვის ვადები და წაშლის პროცედურები ერთ-ერთი საკითხია რაზედაც დღეს, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" ცესკო-ს საარჩევნო ტექნოლოგიების ამერიკულ კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტების გასაჯაროების თაობაზე მიმართა. პარტიაში მიუთითებენ, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პარტიამ სასამართლოს მიმართა, რომ უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
თავის მხრივ, გიორგი შარაბიძე ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციის წაშლასთან დაკავშირებული ვადები თუ პროცედურები გაწერილია და საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
„კონტრაქტები საჯაროდ დევს არა ახლა, არამედ წელიწადზე მეტია. ვუპასუხეთ და Smartmatic-თან კონტრაქტებზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ.
რაც შეეხება ვადას და წაშლის პროცედურებს, ეგ გაწერილია ნომენკლატურის წესებით, ეგეც პოლიტიკის დონეზეა და შესაბამისად, ამ პასუხსაც მიიღებს ყველა, ეს არის საჯარო ინფორმაცია. იმ ვადის გარეშე არც პრეცედენტი ყოფილა და არც მომავალში მოხდება, რომ არათუ სია, არამედ რაიმე ტიპის ინფორმაცია წაიშალოს კანონით დადგენილი პროცედურის გარეშე.
მინდა ყველა დაინტერესებული პირი დავამშვიდო, რომ არავინ არაფერს არ შლის და არავინ არაფერს არ წერს შესაბამისი პროცედურების გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ინსტიტუცია ვართ, რომელსაც აქვს დაწერილი უსაფრთხოების პოლიტიკა, აქვს უმაღლესი სტანდარტით ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება.
რაც შეეხება [ბაზების] გახსნას, ინფორმაციას და ა.შ. ჯერ ერთი რომ ჩვენ არც გამოძიების და არც არაფრის არ გვეშინია, ეს დავადასტურეთ, როდესაც შესაბამისი მიმართვა გავაკეთეთ, ყოვლად აუხსნელი ბრალდებების გამო, რომელიც ისმის ხოლმე ხანდახან 1-ჯერ,2-ჯერ, 17-ჯერ და 37-ჯერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით“, - თქვა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.