„ემქეი-დი გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ფიქრობს, რომ უძრავ ქონებაზე ფასის შემცირების არცერთი წინაპირობა არ არსებობს. მეტიც, კუნელაური ირწმუნება, რომ ბიზნესი ფასებს გაძვირებული თვითღირებულების პირდაპირპროპორციულად არ ზრდის და ცდილობს ის მყიდველის შესაძლებლობებთან თანხვედრაში იყოს.
„დეველოპმენტი ცდილობს, არსებული და ობიექტური მდგენელების ასახვა პირდაპირ პროპორციულად არ გადათარგმნონ ფასში, რადგან ამ შემთხვევაში ვეღარ დაემთხვევი ბაზრის მოთხოვნებს. ახლა მყიდველიც და გამყიდველიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავის შესაძლებლობები ერთმანეთთან დაახლოოს.
მშენებლობა არ არის ცალკე აღებული დარგი, ის ებმის ეკონომიკას, იგივე საწვავს, სამშენებლო მასალებს, მუშახელს, ყველგან გაძვირების მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ეს ეკონომიკა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, შესაბამისად მე ვერსად, ვერცერთ მიმართულებაში ვერ ვიპოვე ფასის კლების საფუძველი. წინაპირობა, რომელსაც დეველოპმენტი გამოიყენებს ფასის შემცირებისთვის", - განაცხადა კუნელაურმა.
მისივე თქმით, საქართველოს ბაზარი მიდის ბუნებრივი განვითარებისკენ, ევროპის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ ძვირი ღირს უძრავი ქონება, თუმცა მაღალია მსყიდველუნარიანი მოსახლეობის წილი.
"ჩვენ მშენებლობის ფასების შემცირებაზე ხელოვნურად კი არ უნდა დავიწყოთ საუბარი, არამედ ერთობლიობაში უნდა შეიქმნას იმის წინაპირობა, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის წილი გაიზარდოს.
ჩემი მოლოდინები ფასის შემცირებას არ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქონება ძვირია, არც მოთხოვნის კლებას ველი. ჩვენ ტრანზაქციებში არ გვქონია კლება იმიტომ, რომ ტურისტული მიმართულების ობიექტებს ვავითარებთ. საქსტატის მონაცემებით 4,2 მლრდ შემოსავალი მოიტანა გასულ წელს ტურიზმმა, ეს მაღალი ნიშნულია. ქვეყანა გამოხატავს პოტენციალს და ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია. საქართველო ტურისტულად საინტერესოა და ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ პროექტების შექმნას. მოთხოვნა არის, შესაბამისად მიწოდება უნდა იყოს ხარისხიანი ისეთი, როგორიც ეკადრება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.