GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე & Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" ამბობს, რომ მიუხედავად გაცხდებული პოზიციისაა, CFD აუქციონი დიდი ალბათობით მაინც ჩატარდება.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სამომავლოდ CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტებით ჩანაცვლებას გეგმავს ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ მესამე CFD აუქციონი უნდა ჩაატაროს.
" მომავალ კვირებში, უფრო ფართომასშტაბიანი შეხვედრა მოეწყობა. ერთი მხრივ, სამინისტრო მზად არის და რამდენადაც ვიცი, დადგენილებაც ატვირთულია, რომ ეს ახალი თამაშის წესები შემოვიღოთ და მოხდეს ყველა მოთამაშის დაკმაყოფილება ამ მედიანური ტარიფის მიხედვით. თუმცა, მეორე მხრივ, არ დაიხურა ის კარები, ანუ მესამე აუქციონის. გამოდის, ის ძველი დადგენილებაც რჩება ძალაში. სიტუაცია თუ გვაჩვენებს, რომ ახალი ინვესტორები აღარ შემოვლენ და არ გამოიყენებენ ამ ახალ ინსტრუმენტს, მაშინ მესამე აუქციონის ჩატარების ოფციაც რჩება. ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ღიაა ეს საკითხი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული კომპანიები ჯერ კიდევ ალბათ შევლენ და დააკმაყოფილებენ, მაგრამ მესამე აუქციონი მაინც ჩატარდება", - განაცხადა აბრამიშვილმა "წერტილში".
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგები ასეთია:
- ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი
- მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:
- (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
- (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
- (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი
- სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი.
CFD აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის:
ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ; საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (1-4 სთ) – 50 მგვტ; დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (4-8სთ) – 100 მგვტ; დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (8სთ >) - 150 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.