მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვფიქრობ, მოლაპარაკება შედგება“ - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე ENKA-საქართველოს საარბიტრაჟო დავაზე

6349228708304
ვიქტორია მღებრიშვილი
14.10.22 13:10
1033
თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ENKA “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება. ამ საკითხზე მან BMGtv-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. 

"იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსული ინვესტორები, პროექტების ვერ განხორციელების გამო საარბიტრაჟო სასამართლოში წავიდნენ, თუმცა ამ ეტაპზე [ENKA-ს შემთხვევაში] მთავრობასთან მოლაპარაკებებში არიან და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება მალე შედგება. არ მგონია, რომ ეს ინვესტორი გავა საქართველოდან და ახალი შემოვა. მოლაპარაკებებისას ჩვენ უნდა ვიყოთ ღია მთავრობასთან, რადგან ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია. ქვეყნის განვითარება ინვესტორების გარეშე ძალიან ძნელია", - თქვა ოსმან ჩალიშქანმა. 

კითხვას - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მოვლენების შემდეგ იყო თუ არა შეკითხვები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ თურქი ინვესტორების მხრიდან, ჩალიშქან-მჟავანაძე პასუხობს, რომ კითხვები იყო, თუმცა ეს თურქეთიდან ინვესტიციების შემოდინებას არ შეაფერხებს.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინვესტორების მხრიდან კითხვები იყო, თუმცა ჩვენ ვეუბნებით, რომ ეს შემთხვევა ქვეყანაში სხვა ინვესტორების მიერ ინვესტირებას ხელს არ შეუშლის. მართლაც იყო პრობლემები და პირადად მეც „ენკას“ თანამშრომლებს შევხვდი. ვფიქრობ, ეს პრობლემური შემთხვევა საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ხელს არ შეუშლის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რომ თურქმა ინვესტორებმა საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება შეძლონ“, - განაცხადა თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, 2021 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დაასახელა. ინვესტორსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა 6 ოქტომბერს დაადასტურა ინფორმაცია, რომ "ნამახვანჰესის" ინვესტორმა კომპანია ENKA-მ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები