შეგვიძლია ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მან მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა დაასახელა.
"საქართველო ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. ჩვენ ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესალებლობები ინვესტიციებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა 2002 წლიდან დაიწყო. რეკორდული, 220 მლნ დოლარზე მეტი FDI კი 2014 წელს დაფიქსირდა. რის შემდეგაც ყველაზე მეტი ინვესტიცია 2023 წელს შემოვიდა - 98.4 მლნ დოლარი. მაჩვენებელი გასულ წელს 29 მლნ დოლარამდე შემცირდა.
2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან 11.2 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -3.7 მლნ შეადგინა. 6 თვის მონაცემებით, წლის ჭრილში ინვესტიციები 5.2 მლნ დოლარითაა გაზრდილი.
ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. სწორედ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი მოიაზრება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სახელმწიფოს კერძო პარტნიორად. ის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გასულ წელს დასახელდა, თუმცა ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
ამასთან, მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი ამოცანა ჩინური ბანკებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრის მიმზიდველობის ზრდაა.




























