ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 700-800 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვების შესყიდვას შეძლებს. კაკაურიძის თქმით, სებ-ს ამის შესაძლებლობას ქვეყანაში არსებული სავალუტო შემოდინებები აძლევს.
“რაც შეეხება რეზერვების ნაწილში, აქაც მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მიჰყვება ეროვნული ბანკი. რაც ოფიციალური მონაცემებია, წელს უკვე საკმაო მოცულობით იქნა რეზერვები შევსებული.. არ მაქვს უფლება ეროვნული ბანკის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს მინიმუმ 700-800 მილიონი დოლარის რეზერვის შეძენას შეძლებს ეროვნული ბანკი, ვინაიდან ვალუტის შემოდინება და დოლარის ინდექსი აძლევს საშუალებას, რომ რეზერვი დააგროვოს,”- განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის შეხვედრისას.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 208 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 296 მილიონი დოლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.
აპრილში სავალუტო რეზერვების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა გახდა, რომელიც სავარაუდოდ, დაახლოებით 150-160 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა 27 მაისს გახდება ცნობილი, მარტში კი რეზერვების შესყიდვა 102 მილიონი დოლარის ტოლი იყო.




























