მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობთ, ჩვენი საზედამხედველო ჩარჩო გავაფართოოთ" - ნათია თურნავა VASPs-ზე

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPS) მიმართულებით საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოება იგეგმება.

მისი თქმით, უნდა შეირჩეს ფორმა, რომელიც საქართველოსთვის იქნება ადეკვატური და დაბალანსებული.

"ინტერესი მაღალია მთელ მსოფლიოში ამ კრიპტოაქტივებთან მომუშავე კომპანიების მიმართ. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის დაშვებული, თუმცა ეს მთლად ეფექტური პოზიცია არ არის, რადგან ეს მოცემულობა ისეთია, ჯობს მართო, ვიდრე იგნორირება გაუწიო - ეს არის დღევანდელობა, ახალი პროდუქტი, ახალი ბაზარი, ამიტომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში იქნა არჩეული მიდგომა, რომ დავუშვათ დავარეგისტრიროთ და დავიწყოთ ზედამხედველობა.

ამ ეტაპზე ზედამხედველობა კანონის მიხედვით არის შემოფარგლული, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზედამხედველობის ჩარჩოთი - ეს არ არის ე.წ პრუდენციული ზედამხედველობა, ანუ ის რომელიც უფრო ღრმა არის და უყურებს კაპიტალის საკმარისობას, ლიკვიდობას და სხვა მონაცემებს, როგორც მაგალითად ბანკებში ვაკეთებთ, თუმცა ინტერესი მაღალია და ეს გასაგებია, რადგან ეს მიმართულება ვითარდება და ჩვენც ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზედამხედველო ჩარჩო გავაფართოოთ, ისევე როგორც ევროკავშირშია ეს ტენდენციები. უბრალოდ უნდა შევარჩიოთ ის დოზა და ფორმა რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ადეკვატური, დაბალანსებული და ხელს არ შეუშლის ამ დარგის განვითარებაას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რა არის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASPs)?

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას. ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შემავალი საქმიანობებია:

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში; კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა; კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა; კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა); კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება; კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა; კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება. ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი არის ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები