ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ბრიტანეთში, შვეიცარიასა და იტალიაში მარკეტინგულ კამპანიებს გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომელზეც EasyJet-ის შემოსვლა ოფიციალურად დაანონსდა.
ქვრივიშვილის თქმით, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და იტალიაში მარკეტინგული კამპანიები საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად იგეგმება.
„გვაქვს გეგმა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად დავიწყოთ მარკეტინგული კამპანიების წარმოება დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ისევე როგორც იტალიაში, იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა. ასევე ვგეგმავთ საერთო აქტივობებს და კამპანიებს ორივე პარტნიორ ავიაკომპანიასთან, EasyJet-თან და British Airways-თან. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წლის მარტიდან უკვე ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს აღნიშნული ქვეყნებიდან“,- თქვა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს დაანონსდა, რომ 2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ის ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. რაც შეეხება EasyJet-ს, პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. EasyJet-ის პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ელი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.