მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენები იწყება - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები?

ბრიტანეთი

2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ის ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. ამასთან, მომავალი წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომლის ავიარეისებიც ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან შესრულდება.

საქართველოს მთავრობა ელის, რომ British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას და ასევე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ქვეყნების დაახლოებას.

Bm.ge გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს გაერთიანებული სამეფოდან 15 024 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16.3%-ით აღემატება. 2023 წელს ჯამურად, გაერთიანებული სამეფოდან 30 732 ვიზიტორი განხორციელდა, რაც წლიურად 43.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. შედარებით მეტი, 37 478 ვიზიტი კი პანდემიამდელ 2019 წელს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.

საგარეო ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, 2024 იანვარი-აგვისტოში გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო ბრუნვამ 94.1 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი ნაწილი 85 მლნ დოლარი იმპორტზე მოდის. ექსპორტი კი 9.1 მლნ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის 8 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 6%-ით შემცირდა.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:

  • ფეროშენადნობები - 2.7 მლნ დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 1.3 მლნ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 915 510 დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 642 430 დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 536 870 დოლარი.

TOP-5 საიმპორტო პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 16.4 მლნ დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 11.04 მლნ დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 5.97 მლნ დოლარი;
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 5.3 მლნ დოლარი;
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 3.8 მლნ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

გაერთიანებული სამეფო ლიდერია საქართველოში შემოსული ინვესტიციების სტატისტიკაში. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 364.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. გაერთიანებული სამეფოდან პირველი FDI 1997 წელს შემოვიდა, მაქსიმალური 650.7 მლნ დოლარი კი 2022 წელს დაფიქსირდა.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 266.7 მლნ. აშშ დოლარის FDI გაერთიანებული სამეფოდან მიიღო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოზე FDI-ის 46.4% მოდის. პირველ კვარტალში კი ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -96 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის უახლესი მონაცემებით, აგვისტოში გაერთიანებული სამეფოდან 5.81 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც წლიურად 20.48-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-აგვისტოში კი 31.5 მილიონი დოლარია გადმორიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები