მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ" - LSE-ის კურსდამთავრებულთა ნაწილი განცხადება

პოლიტ. მეც

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულთა ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გმობენ ძალადობას პროევროპული აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე.

LSE-ის კურსდამთავრებულთა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.

მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე დროებით შეჩერება”, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მისი ფანჯარა ღიაა, კატეგორიულად მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას. ევროპულ კავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის ვაჭრობის, ინვესტიციების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება მძიმე და გრძელვადიან უარყოფით ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.

ასევე, ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. ვუცხადებთ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და მოვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას. ისინი იცავენ ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.

ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია.

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ამ დრომდე ხელს 20 კურსდამთავრებული აწერს, სია კი განახლებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები