“შატო მუხრანი“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს. მეღვინეობის კომპლექსში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ კომპანიის Facebook-გვერდზე წერია.
„ჩვენ, შატო მუხრანი, სასტიკად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი არის ევროპულ სივრცეში, და კონსტიტუციით გამყარებული სვლა ევროპისაკენ უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად. ეს გზა ერთადერთია, რომელიც მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიას დამოუკიდებლობას, განვითარებას და კეთილდღეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კომპანიამ 15 დეკემბერს დაგეგმილი საშობაო ბაზარიც გააუქმა.
„ძვირფასო სტუმრებო, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ 15 დეკემბერს შატო მუხრანში დაგეგმილ საშობაო ბაზრობა.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენი სტუმრების, პარტნიორებისა და გუნდის კეთილდღეობისათვის.
ბოდიშს გიხდით ნებისმიერი უხერხულობისთვის და ვაფასებთ თქვენს თანადგომას.
გმადლობთ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის. დარჩით უსაფრთხოდ და გაუფრთხილდით თავს“, - წერია „შატო მუხრანის“ გავრცელებულ განცხადებაში.