აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე დაგმო.
მისი თქმით, რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს ეს ომი.
„ვგმობთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს, ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთან არის. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი“, – წერს ბლინკენი.
შეგახსენებთ, რომ რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად 148 ადამიანი დაშავდა, ხოლო 7 დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხადებული.