საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეჩერებული პროგრამა განახლდება. ამის შესახებ მან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკის განმარტა, რომ სსფ-ის პროგრამის განახლება ევროკავშირს საქართველოსთან შეუფერხებლად გაგრძელებასა და ქვეყნის პირდაპირ მხარდაჭერაში დაეხმარება.
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას.
რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.