მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, REIT-ები რეფორმის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში განხორციელდება - სებ-ი

აბესაძე

“უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი ინსტრუმენტი. ხოლო ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავამრავალფეროვნოთ საინვესტიციო ინსტრუმენტები ადგილობრივ ბაზარზე”,- ამის შესახებ დავით აბესაძე, ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი “საქმის კურსთან” ინტერვიუში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ცნობილია, საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა, რომელიც გეგმის მიხედვით პარლამენტმა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.

უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩოს შექმნაზე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ეროვნული ბანკი რამდენიმე წელია მუშაობს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იმედს გამოთქვამს, რომ რეფორმის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში განხორციელდება.

“საინვესტიციო ფონდების ბაზარმა განვითარება აქტიურად 2020 წლიდან დაიწყო — მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი "საინვესტიციო ფონდების შესახებ". ეს პროგრესი რიცხვებშიც ნათლად აისახება: მიმდინარე მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე არსებული საინვესტიციო ფონდების პორტფელის ღირებულება უკვე 542 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა თუ ამ პორტფელს სიღრმისეულად ჩავშლით, დავინახავთ, რომ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები ამ სეგმენტში ჯერ კიდევ არ არიან აქტიურად წარმოდგენილნი. მიგვაჩნია, რომ აქ დიდია განვითარების პოტენციალი.

საუბარია ისეთი ტიპის ფონდებზე, რომლებიც შედარებით ნაკლებრისკიანები არიან. ისინი ინვესტიციებს ძირითადად დასრულებულ უძრავ ქონებაში ახორციელებენ. საერთაშორისო გამოცდილებაც სწორედ ასეთია — ე.წ. REIT-ების (უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების) შემთხვევაში, საცალო ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სტაბილური, მიმდინარე შემოსავალი.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას უკვე გათვალისწინებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის წარდგენაც საშემოდგომო სესიის ფარგლებში იგეგმება.

ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით. ისევე, როგორც წარსულში — კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში, სადაც ეროვნული ბანკი ჩართული იყო როგორც პარტნიორი და რეკომენდაციების მიმწოდებელი — ანალოგიურ რეჟიმში ხორციელდება მიმდინარე რეფორმაც. ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმა და მისი პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში წარმატებით განხორციელდება”,-აცხადებს აბესაძე.

უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებს საინვესტიციო ფონდის მსგავსი სტრუქტურა აქვს და ინვესტირებას ძირითადად, უძრავ ქონებაში ახორციელებს, რითაც ინვესტორთა ფართო წრისთვის უძრავი ქონების ხელმისაწვდომობასა და პორტფელის დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს. REIT-ების ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც - ინსტიტუციონალური, ისე ინდივიდუალური ინვესტორები ანუ ფიზიკური პირები.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ კვლევას თუ დავეყრდნობით, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შექმნა დამატებით ეკონომიკურ დოვლათს მოუტანს ქვეყანას. პროგნოზირებულია, რომ 10 წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარზე მეტი შემოსავალი გაჩნდება ქვეყანაში და REIT-ის მიერ შექმნილი პროდუქტის (პირდაპირი და არაპირდაპირი) მოსალოდნელი წილი მშპ-ში 0.44%-დან 4.2%-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები