მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, რომელთაც ბაიდენის სანქციები ემუქრებათ

61fc051166a50
თათია კაკიაშვილი
03.02.22 20:44
2921
რუსი მილიარდერების სია, რომლებიც უკრაინაში აგრესიის გამო ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სანქციებს დაექვემდებარებიან, ამ დრომდე საჯარო არ არის. თუმცა, ამერიკულმა “ფორბსმა” ექსპერტების დახმარებით, მათი ნაწილის ვინაობის დადგენა მოახერხა. რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ათამდე მილიარდერი ამ სიის უდავო წევრია - 2014 წელს უკრაინაში შეჭრის ან/და 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემდეგ.

თუმცა, ბუნებრივია, არიან სხვა ოლიგარქებიც, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილში ღიად არ ფიგურირებენ. მათი ტოპ სამეული კი ასე კომპლექტდება: რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი და ლეონიდ მიხელსონი. სამივეს ერთობლივი შემოსავალი კი 58,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

არსებობს შესაძლებლობა, რომ თავად პუტინსაც შეეხოს რიგი სანქციები, თუმცა ამას გარდა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ცოტა რამ გაამჟღავნა იმ მილიარდერებზეც, რომლებიც სამიზნეში ჰყავს ამოღებული: ისინი შეფასდნენ, როგორც “კრემლის ახლო წრის წევრები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებებს ასრულებენ ან მინიმუმ დესტაბილიზაციის თანამონაწილეები არიან”.

სანქცირებული პირები აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომას დაკარგავენ ისევე, როგორც ნებისმიერ აქტივზე, რომელიც ამერიკის იურისდიქციაშია. ეს სასჯელი კი, ბაიდენის შეფასებით, “ზოგიერთი ოლიგარქის სიმდიდრის შესამცირებლად ეფექტიანი ზომაა”. და მაინც, ვინ არიან მილიარდერები, რომლებიც ბაიდენის სიის უტყუარი წევრები არიან?

რომან აბრამოვიჩი
ქონება: $13,8 მილიარდი

აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქია, რომელსაც ეს სტატუსი დიდ ბრიტანეთში “ჩელსის” საფეხბურთო გუნდის მფლობელობამ მიანიჭა. ამასთან, მისი ქონება მოიცავს მილიარდობით დოლარს რუსულ კომპანიებში Evraz-სა და Norilsk Nickel-ში. კრემლის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წელს მოწამლეს და ამჟამად ციხეშია, წლების განმავლობაში მოუწოდებდა დასავლურ ქვეყნებს, დაესაჯათ აბრამოვიჩი ისევე, როგორც თანამემამულე ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, რომელიც ბრიტანეთის საფეხბურთო გუნდში ფლობდა დიდ წილს. ექსპერტების აზრით, აბრამოვიჩის გადარჩენის მიზეზი მისი მეგობრობა იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილ ივანკა ტრამპთან და მის მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან.

ალიშერ უსმანოვი
ქონება: $16,4 მილიარდი

უსმანოვის უმსხვილესი ჰოლდინგი ფოლადის გიგანტი Metalloinvest-ია. რუსული ვენჩურული ფონდის Digital Sky Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორის, იური მილნერის წყალობით, ის Facebook-ის ადრეული ინვესტორიც იყო. მილიარდერი ფლობს წილებს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Xiaomi-ში, ასევე რამდენიმე სატელეკომუნიკაციო, სამთო-მოპოვებით და მედიაკომპანიაში. 2018 წელს უსმანოვმა საფეხბურთო გუნდ “არსენალის” საკუთარი, 30%-იანი წილი 712 მილიონ დოლარად მიჰყიდა ამერიკელ მილიარდერ სტენლი კროენკეს. ასევე, გაყიდა “VK-ს” წილიც. ალიშერ უსმანოვი მჭიდროდ თანამშრომლობს ანდრეი სკოხთან, კიდევ ერთ რუს ოლიგარქთან, რომელსაც აშშ-მა სანქციები 2018 წელს დაუწესა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისეთი ოლიგარქების სანქცირებას გეგმავს, რომლებსაც აქტივები დასავლეთში აქვთ, უსმანოვი ამ მოცემულობას კარგად ერგება - მისი ქონება, ფაქტობრივად, მთელ ევროპაშია გავრცელებული. მასვე ეკუთვნის ლონდონში ორი უზარმაზარი უძრავი ქონება Beechwood House და Sutton Place, რომლებიც ერთად 300 მილიონი დოლარი ღირს. უსმანოვს, ასევე, ბინები აქვს მიუნხენში, მონაკოსა და სარდინიაში.

ლეონიდ მიხელსონი
ქონება: $28,1 მილიარდი

ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია Novatek-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მიხელსონი ასევე გენადი ტიმჩენკოს ბიზნესპარტნიორია, ოლიგარქი, რომლის ქონებაც 23,5 მილიარდი დოლარია. საგულისხმოა, რომ ლეონიდ მიხელსონი აშშ-ის სანქციების ქვეშ 2014 წლიდან მოექცა. ექსპერტების მხრიდან, მიხელსონი პუტინის წრეში ყველაზე დიდ ბიზნესმენად ფასდება.

რაც შეეხება რუსი ოლიგარქების სიას, რომლებსაც აშშ 2014 წლიდან სანქციების ქვეშ ატარებს, ასეთია:

1. გენადი ტიმჩენკო
2. ოლეგ დერიპასკა
3. ვიქტორ ვექსელბერგი
4. ვლადიმერ ბოგდანოვი
5. სულეიმან ქერიმოვი
6. იგორ როტენბერგი
7. არკადი როტენბერგი
8. ბორის როტენბერგი
9. კირილ შამალოვი
10. ანდრეი სკოხი
11. იური კოვალჩუკი

მასალა მომზადებულია Forbes-ის ამერიკული გამოცემის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები